კინოვარსკვლავები მეტად პრეტენზიული და ორიგინალური პიროვნებები არიან. მათ უმრავლესობას ძალიან სჯერა ზებუნებრივი ძალების და ახალ-ახალი წარმატებების მოლოდინში წამითაც არ იშორებენ ამა თუ იმ თილისმას.
ალ პაჩინო თითიდან არასოდეს იხსნის ოქროს რგოლს, რომელიც საკუთარ თილისმად მიაჩნია. რგოლს შიგნიდან ასეთი წარწერა აქვს: “ალბერტო, ბებიას ძალიან უყვარხარ”.
“ჩვენ სიღარიბეში ვცხოვრობდით, გამზრდელ ბებიას იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ ასეთი ძვირფასი საჩუქარი გაეკეთებინა ჩემთვის, მოგვიანებით ეს რგოლი თავად შევიძინე მის სახელზე. ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ბებიას სითბო დღემდე მომყვება და თითქოს მფარველობასაც მიწევს,” – იხსენებს მსახიობი.
კევინ კოსტნერს გარკვეული წლების განმავლობაში გულზე ლომის თავის გამოსახულებიანი ოქროს მედალიონი ჰკიდია, რომელიც პირველმა ცოლმა – სინდიმ აჩუქა მათი სიყვარულის აღსანიშნავად.
“გადაღებების დროს მე ხშირად მიხდებოდა მისი მოხსნა, მაგრამ საღამოობით კვლავ ვიკიდებდი. მრავალი წლის განმავლობაში ლომს ჩემთვის წარმატებები მოჰქონდა, მაგრამ ერთხელ მისი საკეტი გამიტყდა, რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ დავშორდით და ჩემი კარიერაც შეფერხდა”, – განაცხადა შემდგომში კოსტნერმა.
კეტრინ ზეტა-ჯონსის მომვალი მეუღლე მაიკლ დუგლასი ძალიან გაოცდა, როცა მისმა რჩეულმა ბევერლი-ჰილზის უმდიდრეს აპარტამენტებში ძველთაძველი, მრავალგზის დაკერებული შოტლანდიური გადასაფარებელი წაიღო თან. “რად გინდა ეს ძონძი, მე ათასჯერ ძვირფასს გიყიდი”, – უთხრა მაიკლმა. “არასოდეს!” – საოცარი პათოსით წამოიძახა კეტრინმა. – ამით ჯერ კიდევ ჩემი ბებია იფარავდა ფეხებს, ეს ჩემი თილისმაა, რომელსაც ბედნიერება მოაქვს”.
ათი წლის იყო კამერონ დიასი, მამამ ტაიტიდან საჩუქრად მაიმუნის ფიგურა რომ ჩამოუტანა. მაიმუნი პირს თათით იფარავს. მას შემდეგ მსახიობი, თურმე გვერდიდან არ იშორებს ამ სუვენირს. მეტიც, ამტკიცებს, რომ ამ ფიგურას მისთვის ბედნიერება მოაქვს.
“მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ პატარა მეგობარი მკარნახობს, როგორ მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში, როდის უნდა დავაჭირო ენას კბილი, ან როდის უნდა ავლაპარაკდე,” – აცხადებს დიასი.
მერილ სტრიპი, თურმე, არასოდეს იშორებს შალის წინდებს, რომელიც უფროსმა ქალიშვილმა მოუქსოვა. სადაც არ უნდა გაემგზავროს, მუდამ თან დააქვს და ღამეც ამ წინდებით იძინებს. ეს ერთგვარ რიტუალად იქცა მისთვის.
“მახსოვს, ერთხელ წინდები სახლში დამრჩა და იმდენი ვინერვიულე, კინაღამ ფილმი ჩავაგდე. ეს ყველაზე ცუდი როლი აღმოჩნდა ჩემს ბიოგრაფიაში,” – იხსენებდა მერილ სტრიპი.