ვაშინგტონს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა.
„საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს ვაშინგტონის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, საქართველოში მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა“, _ აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო.