ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები გამოეხმაურა, მათ განცხადებები სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი ძალადობისა და არეულობის წაქეზებაში დაადანაშაულა.

„ისტორია კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობას, რომელსაც პრეზიდენტი კანონიერი არჩევნების შედეგებზე უსაფუძვლო ტყუილებით აქეზებდა, სამართლიანად დაიმახსოვრებს, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილის მომენტს“, – აღნიშნა ბარაკ ობამამ.
ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც ეხმაურება. მისი თქმით, სახეზეა უპრეცედენტო თავდასხმა კაპიტოლიუმზე, კონსტიტუციასა და ქვეყანაზე
„დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს უპრეცედენტო თავდასხმა კაპიტოლიუმზე, კონსიტუციასა და ქვეყანაზე, რაც განპირობებულია ოთხწლიანი მომწამვლელი პოლიტიკით და მიზანმიმართული დეზინფორმაციით, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებასა და ამერიკის მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებას ისახავდა მიზნად,“- წერს ყოფილი პრეზიდენტი Twitter-ზე.
ასევე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა დაგმო
„ასე არჩევნების შედეგებზე ბანანის რესპუბლიკებში დავობენ. შეშფოთებული ვარ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უპასუხისმგებლობით და იმ უპატივცემულობით, რომელიც დღეს ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გამოხატეს,“- განაცხადა უმცროსი ბუში.
აშშ-ს 39-ე პრეზიდენტი კაპიტოლიუმზე თავდასხმას გმობს და მასობრივი უწესრიგობების მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს.
ჯიმი კარტერის თქმით, ის, რაც კაპიტოლიუმთან მოხდა, ეროვნული ტრაგედიაა და ამერიკელი ხალხის ნამდვილ სახეს არ წარმოადგენს. ყოფილი პრეზიდენტის აზრით, კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცება უნდა შეძლოს, რომლის მიხედვითაც ჯოზეფ ბაიდენმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
„უზრუნველყოფილი უნდა იქნას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რაც ჩვენს ქვეყანაში ორ საუკუნეზე მეტია, ხდება,“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა.
































































