დიდ სამამულო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული სამტრედიელი ვასილ პაპავა დღეს მშობლიურ, ქართულ მიწას მიაბარეს. დაახლოებით, ექვსი თვის წინ დასავლეთ უკრაინის ფრონტზე დაღუპული რამდენიმე მეომრის ნეშტი აღმოაჩინეს, მათ შორის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ვასილ პაპავა იყო. იდენტიფიცირება კაპსულაში მოთავსებული მეომრის პერსონალური მონაცემებით მოხდა. ქართველი ოფიცრის ნეშტი საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოაბრძანეს და თბილისში, გლდანულას დასახელებაში მოქმედ ტაძარში დაასვენეს, რომლის მოძღვარი მღვდელი ანგია ვასილ პაპავას შთამომავალია. დიდ სამამულო ომში დაღუპულს სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, 31 მაისს სამტრედიაში, მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში გადაუხადეს, საზოგადოებამ პატივი მიაგო ფაშისტურ გერმანიასთან ბრძოლის დროს უგზოუკვლოდ დაკარგულ თანამემამულეს. თბილისიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები.
,,ვასილის მამა და ჩემი დიდი ბაბუა ძმები იყვნენ. მახსოვს, ჩვენი სანათესაო როგორ მოიხსენიებდა გერმანიის წინააღმდეგ საბრძოლველად წასულ და შინ აღარ დაბრუნებულ ახალგაზრდა კაცზე. დედა, მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება, ჯიუტად ელოდა მისი ვაჟის ფრონტიდან დაბრუნებას. ამბობდნენ, ტანსაცმელსაც კი ყიდულობდა, როგორც ცოცხლისთვისო. ავტომატის გილზი უპოვიათ ჯიბეში, რომელშიც პატარა ფურცელი იდო წარწერით: ,,ვასილ პაპავა, საქართველო, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელი მელაური”. ჯიბეში ჯაყვა დანა და მუშტუკიც ედო თურმე,”- ,,გურია ნიუსთან” ამ ამბის შესახებ ნათესავმა, მერაბ პაპავამ ისაუბრა.
ვასილ პაპავა დღესვე სამტრედიაში, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ეგრეთწოდებულ მაცხოვრის სასაფლაოზე დედ-მამის გვერდით დაკრძალეს.
ავტორი