„ტვ. პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ვატო წერეთელი მიმართავს, საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, გაასაჯაროონ კადრები.
„აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც იყო მოწვეული 200 ან 300 სტუმარი. შოკში ვარ, ასეთი რამ, მე არ ვიცი. მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ჩემს მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას, როგორ უსწორდებიან “ქართული ოცნების” დეპუტატები ადამიანს. ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალი“, – აცხადებს წერეთელი.
ვატო წერეთელი კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს.
„ანრი ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი, მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები, ჩხუბი. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა. მერე ხელი მომიქნია სახეში, სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე“,– აღნიშნა მან “ტვ. პირველის” ეთერში.
შეგახსენებთ, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა.