10 ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნოდ ერთიანდება. პარტიები საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს ოფიციალურად ხვალ დაასახელებენ, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური სპექტრის კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იქნება.
პოლიტოლოგი, ვაჟა ბერიძე საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძის შესაძლო მონაწილეობას ნეგატიურად აფასებს. მისი თქმით, იგი ვერ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს მმართველი გუნდის ძალას.
,,დღევანდელ სინამდვილეში ერთი მმართველი და მეორე საპირწონე ძალა არსებობს ,,ქართული ოცნება“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამ უკანასკნელს ჰყავს ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და კარგი იქნება, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, მაგრამ ვერ მოახერხებს, რადგან ქართულ მართლმსაჯულებასთან პრობლემები აქვს. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, შემიძლია გითხრათ, რომ ის კარგი კანდიდატურაა ,,ქართული ოცნებისთვის“. ვაშაძე ვერ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ,,ქართლ ოცნებას“.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ პარტიებს ვურჩევ, რომ კრიტიკულად და ადეკვატურად შეაფასონ ის ყბადაღებული ცხრაწლიანი მმართველობა და მერე დარჩნენ არენაზე, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა“, _ გვითხრა ბერიძემ.
პოლიტოლოგს ვკითხეთ _რას ფიქრობ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით? როგორც ბერიძე გვეუბნება, ზურაბიშვილი აღნიშნული თანამდებობისთვის შესაფერისი ფიგურაა.
,,სალომე ზურაბიშვილი კარგი კანდიდატურაა, ის პროფესიონალი პოლიტიკოსია, ევროპული მენტალიტეტითა და ხედვით. ზურაბიშვილი ნამდვილად არ იქნება ურიგო საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა, მას ხელს შეუშლის ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება საბჭოური პერიოდის ინტელიგენციისა და ქართული ელიტებისადმი. სხვა მხრივ, ის საუკეთესო კანდიდატი იქნება.
,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა და მისი მოღვაწეობა აგებულია დეპოლიტიზაციის პრინციპზე. პოლიტიკურ თანამდებობაზეც კი არაპოლიტიკოსებს ირჩევენ, ამიტომ ძნელია თქვა, თუ ვისზე შეჩერდება არჩევანი და ვის კანდიდატურას დაუჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილი“, _ გვითხრა ბერიძემ.
რა შედეგს მოიტანს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გახდება ცნობილი.
მმართველ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია.