ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის წმინდა მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის სახელობის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი ერთადერთი მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა.
ვაჟა კვინიკაძე მეოთხე კლასის ჩათვლით კლასკომპლექტში სწავლობდა. მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით კი საკლასო ოთახში მას მარტოს უტარდებოდა გაკვეთილები.
როგორც მისი სკოლის დირექტორი ამბობს, ვაჟა კვინიკაძეს სასკოლო საგნებიდან გეოგრაფია უყვარდა გამორჩევით. იგი მრავალშვილიან მშრომელ ოჯახში იზრდება. ვაჟა დედმამიშვილებში ყველაზე უფროსია, დანარჩენებიც ლაშის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები არიან.
ვაჟა არ აპირებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას, სურს ხელობას დაეუფლოს. მან სკოლაში სწავლის პარალელურად ავტომობილის მართვის მოწმობა აიღო.
,,ვულოცავთ ვაჟას ამ ლამაზ დღეს და ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. შევეცადეთ, მისთვის ლამაზი გაცილება მოგვეწყო. სკოლაში სულ ოცამდე მოსწავლე გვყავს,”– ,,გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა აბესაძემ.
ავტორი