ჯანმოს გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თქმით, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის ადრეულ ეტაპზეა.
მისი მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ზედიზედ მეოთხე კვირის განმავლობაში იზრდება. ამასთან, 10-კვირიანი ვარდნის შემდეგ კვლავ დაიწყო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მატება.
„დელტა-შტამი ახლა 111 ქვეყანაში ფიქსირდება და ველით, რომ მალე ის მსოფლიოს მასშტაბით დომინანტი გახდება“, _ განაცხადა გებრეისუსმა.
ამასთან, მან ხაზი ვაქცინების დისპროპორციულ გადანაწილებას გაუსვა, რის გამოც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა კვლავ დაუცველი რჩება.
„მოწოდება გავაკეთე, რომ სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე 10% უნდა იყოს აცრილი, წლის ბოლოსთვის სულ მცირე _ 40%, მომავალი წლის ზაფხულისთვის კი სულ მცირე _ 70%. ამ მიზნების მისაღწევად ვაქცინების 11 მილიარდი დოზა გვჭირდება“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.