ოზურგეთში, წინა ხმაურიანი კვირის შემდეგ, როცა, მომრავლებული მანქანებისა და ფეხით მოსიარულეების გამო, ერთ ჩინოვნიკს ისიც კი წამოცდა, „ვერ ვაკავებთ, წარღვნაა, თუ რა ჯანდაბაა, გადაირია ეს ხალხიო“, ახლა სრული სიმშვიდეა და კომიკურ კადრებსაც არაერთგან წააწყდებით.
ქუჩები ძირითადად ცარიელია და ველოსიპედით მოსიარულეთაგან, ისეთებსაც ნახავთ, ტელეფონზე საუბარს რომ კარგად და თამამად ახერხებენ ღია სივრცეში. ზოგან, გადასასვლელზე მოყურყუტე მიუსაფარ ძაღლებსაც ნახავთ, შიში რომ გაქრობიათ და თითქოს, უკვირთ კიდეც, რატომ არ ჩანან ავტომობილები.
_ შეხედეთ, „რულის“ კარგად დაჭერასაც ახერხებს ტიპი, თან რომ საუბრობს და თან რომ არ ეშინია, არც ავარიის და არც ჯარიმის, იფ, იფ… ნეტაი, ავტომობილით მოძრაობისას მარტოა ტელეფონზე საუბრის აკრძალვა და ჯარიმა? ეეე, ეგერ კიდო ძაღლი „ზებრაზე“ ყურყუტობს. კი არ გეიწევა გვერდზე.. იარებით და უღებთ სურათებს, ყველა მოცლილი რაფერ ხართ, ჩვენს მეტი. ისე, ველოსიპედზე ტელეფონით ამხედრებულ კაცს და ზებრაზე მოყურყუტე ძაღლს მხოლოდ გურიაში თუ ნახავს კაცი_ ოხუნჯობენ და თვალმოჭუტული გვეხმიანებიან ქუჩებში კანტიკუტად მოსიარულე ენაკვიმატი გურულები.