„კიდევ ერთი გაუგებარი საოცრება წავიკითხე! – პარლამენტარ გოგიჩაიშვილის მოსაზრებით, მას აქვს უფლება შეურაცხმყოფილი განცხადებები გააკეთოს საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ, მოსამართლეების მიმართ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, ხოლო სასამართლო სისტემას (რომელიც სხვათა შორის ადამიანის უფლებებს იცავს) არ უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი თავი დაიცვას(!?) მეგობრებო, როგორ მოგწონთ გოგიჩაიშვილის ასეთი მიდგომა? _ აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ავრცელებს.
ერთი კითხვა მაქვს გოგიჩაიშვილთან: დეპუტატო გოგიჩაიშვილო, სადმე თუ გსმენიათ ასეთი ქვეყნის არსებობაზე, სადაც პარლამენტარს აქვს უფლება გალანძღოს თავისივე ქვეყნის სასამართლო სისტემა და მოსამართლეები, ამ სისტემას კი არ აქვს უფლება თავი დაიცვას?
არ გახსენდებათ ასეთი ქვეყანა? თუ არ გახსენდებათ, მაშინ რატომ გინდათ ეს უმსგავსოება საკუთარ ქვაყანაში დააწესოთ?
მე ადრე ვთქვი – კარგია, რომ ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს გვიან, მაგრამ მაინც გაახსენდათ სიტყვა “პატივცემული”! მათ ვურჩიე ხშირად გაიხსენონ ეს სიტყვები, როდესაც ჭორის დონეზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეურაცხმყოფლად საუბრობენ მოსამართლეებზე, ფაქტიურად კი ტალახს ესვრიან ცალკეულ მოსამართლეებს, მთელ სისტემას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საუბრობენ სასამართლო სისტემაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაღაც ვიწრო ჯგუფებზე, წარსულში დავალებების შესრულებებზე, მოსამართლეთა შავ სიებზე, მოსამართლეების არაკეთილსინდისიერებაზე, ცალკეული მოსამართლეების უღირს რეპუტაციებზე და ა.შ. .
გოგიჩაიშვილის დღევანდელი განცხადებაც სასამართლო სისტემისათვის და მოსამართლეებისათვის შეურაცხმყოფილია! (თუნდაც ის, რომ მოსამართლეები ვერ აკმაყოფილებენ პატიოსნების და ღირსების კრიტერიუმს, მოსამართლეებს უამრავი ადამიანი ჰყავთ გაუბედურებული და ა.შ.)
ბატონ გოგიჩაიშვილს, ისევე როგორც ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს, ვურჩევ ანალოგიურს – მისთვისაც და ქვეყნისთვისაც სიკეთის მომტანი იქნება თუ სასამართლოზე და მოსამართლეებზე საუბრისას გაახსენდება სიტყვა “პატივცემული”.
ბატონ გოგიჩაიშვილს, ისევე როგორც ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს, ვურჩევ ნუ აწვდის საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე როგორც მოსამართლე ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ(!?) ეს არის სიცრუე! გოგიჩაიშვილი ამით ვერ გამაჩუმებს! ალბათ, მას მორჩილი საბჭოს წევრები და მორჩილი მოსამართლეები სურს რომ ყავდეს. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს დრო წარსულს ჩაბარდა! 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და პოლიტიკოსების გავლენებისგან!
წარსულში ვერ დაგვაბრუნებთ, ბატონო გოგიჩაიშვილო!
ამასთან დაკავშირებით შევახსენებ პარლამენტარ გოგიჩაიშვილს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შექმნილია კანონით დადგენილი ამოცანების შესრულების მიზნით, მათ შორის სასამართლო სისტემის და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით!!! აქედან გამომდინარე მე, როგორც საბჭოს წევრი, როდესაც დავინახავ რომ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსების ქმედებებით შესაძლოა სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობას რეალურად შეექმნას საფრთხე, ვალდებული ვარ და ყოველთვის დავიცვავ კიდეც სასამართლო სისტემის და მოსამართლეების კანონიერ ინტერესებს, უფლებებს და დამოუკიდებლობას!
ამასთან ვაფიქსირებ, რომ ნამდვილად არ ვაპირებ გოგიჩაიშვილთან, ბესელიასთან, კობერიძესთან და ა.შ. დებატებში შევიდე ან რაიმე ფორმით გავაგრძელო დისკუსია ამ თემაზე. მგონი ყველაფერი გასაგებად ჩამოვაყალიბე“, – წერს სერგო მეთოფიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.