“ვერ შეგვაშინებთ! კიდევ უფრო მეტნი მოვალთ ხვალ!” – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს და ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას გამოეხმაურნენ. ისინი ამბობენ, რომ მანაგაძეზე თავდასხმა სწორედ ხვალ დაგეგმილ აქციას “დავხვდეთ კობახიძეს” უკავშირდება და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
“ირაკლი კობახიძის ლექციის დროს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინა დღეს, თსუ-ს პირველ კორპუსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელს, ნიკო მანაგაძეს. ნიკო აქტიურადაა ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის ზონდერებმა ამ გზით სცადეს ნიკოს დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია – ვერ შეგვაშინებთ! კიდევ უფრო მეტნი მოვალთ ხვალ!
მივმართავთ ლექტორებს, დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით, მათ გვერდით, ვისაც რეჟიმი პროევროპული არჩევანის გამო ფიზიკურად უსწორდება. მივმართავთ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, თამარ ზარანდიას, გამოდით დილით 9 საათზე და დადექით იქ, სადაც თქვენი პროფესორის ღალატის გამო თქვენივე სტუდენტებს ასისხლიანებენ. დუმილი ახალისებს ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, მოქალაქეებს, დადექით ჩვენს გვერდით. ხვალ, დილის 9 საათზე, ვიკრიბებით თსუ-ს მეორე კორპუსთან, ერთად დავხვდეთ კობახიძეს”, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.