“ორბი ჯგუფმა”ბახმაროში ასაშენებელი სასტუმრო კომპლექსის შესახებ პრესკონფერენცია გამართა.
“მკაფიოდ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ “ორბის” პროექტის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებისა და ნებართვის მიღების პროცედურა 2 ფაზად არის გაყოფილი”, – ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორბი ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე პროექტი შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვა გაცემულია მხოლოდ კომპლექსის ნაწილზე, რომელიც ჯამურად მოიცავს 4 ჰა ტერიტორიას.
“რაც შეეხება მეორე ფაზის პროცედურას, ამაზე გაიმართება საჯარო განხილვები, რომ ვიმსჯელოთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ჩვენს საზოგადოებას და პროექტით დაინტერესებულ ყველა მხარეს ავუხსნათ პროექტის სარგებელი და დეტალურად გავიაროთ და ამოვწუროთ უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასა თუ განაშენიანებასთან დაკავშირებული საკითხები”,- განაცხადა მან და პრესკონფერენციაზე მყოფ საზოგადოებას გეოლოგიური დასკვნა წარუდგინა.
როგორც კვერღელიძემ განაცხადა, პრესკონფერენციის მიზანს საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა ბახმაროში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომელზეც მისი თქმით, არაერთგვაროვანი და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.
“სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გარკვეულ წრეებში ამ საკითხის პოლიტიზირებასაც ცდილობენ. თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ გასაგებია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც ამ საკითხზე თავიანთ მოსაზრებებს აფიქსირებენ. ალბათ ყველას გვალაპარაკებს ბახმაროს ხვალინდელი ბედი, ყველას ჩვენი მოსაზრება გვაქვს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს. ვერ ვიქნები თავდაცვის რეჟიმში, რადგან ვთვლი რომ ეს არის პროექტი, რომელიც კარს გაუხსნის ბახმაროს ხვალინდელ განვითარებას”,_ განაცხადა კვერღელიძემ და აღნიშნა, რომ პროექტის მოსამზადებლად შვიდი კომპანია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდა.
“ყველა კომპანია ჩამოვიყვანეთ ბახმაროში, რომ მათთვის გასაგები ყოფილიყო ის ავთენტური სივრცე, რომელიც ბახმაროს გააჩნია. შვიდივე კომპანიის მიდგომა და კონცეფცია იყო ერთგვაროვანი. თუ ჩვენ გვინდა რომ ნაკლებად შევეხოთ ლანდშაფტს, მაშინ უნდა გახორციელდეს ცენტრალიზებული სერვისების მქონე კომპლექსი, იმ პარამეტრებით რომელიც ეს გენგეგმით არის გათვალისწინებული. ამ შვიდი კომპანიიდან კი შევარჩიეთ WilkinsonEyre-ი”,_ განაცხადა კვერღელიძემ.