საპატრულო პოლიციის თანამშრომლების კორონავირუსზე შემოწმება ყოველ 14 დღეში ერთხელ ხდება.
ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჯგუფი ამოწმებდა, თუმცა, ამჯერად ტესტი პატრულის თანამშრომლებს ისე ჩაუტარეს, რომ სახელმწიფოს ჯანდაცვის მუშაკები საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.
„ტესტების ჩასატარებლად მე-14 დღეს ველოდებოდი, მაგრამ გვითხრეს, რომ ტესტი გაკეთებული იყო. ბათუმიდან ჩამოყვანილმა ჯგუფმა ჩაატარა ტესტირება. არ ვიცი არაფერი. ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ. დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას და ისინი გეტყვიან, რა ხდება“,_ გვითხრა მაია ქუტიძემ.
„გურია ნიუსი“ იმის გასარკვევად თუ ვინ ჩაუტარებს მომავალში კორონავირუსზე ტესტს საპატრულო პოლიციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ჯანდაცვის ცენტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პოლიციის გატესტვა კანონდარღვევით ვერ ჩატარდებოდა, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ ჩაატარა ტესტირება ან მომავალში ვინ ჩაატარებს არ აქვთ და კითხვაზე პასუხის მისაღებად პოლიციის ადმინისტრაციასთან გადაგვამისამართეს.
“გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ კითხვაზე პასუხის მისაღებად ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.