ცოტა ხნის წინ, ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში _ სოსო ცინცაძის სახლის შიდა ინტერიერი მთლიანად დაიწვა.
“შიგნიდან სახლი მთლიანად დაიწვა, ისე, რომ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სახლში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. როლეტას წლების წინ ინსულტი მოუვიდა და ლოგინადაა ჩავარდნილი. ხანძარიაო იყვირეს და მოვცვივდით მეზობლები. როლეტა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, დაზიანებები არ ჰქონდა. რა ეშველებათ ახლა ამ საწყლებს. სოციალურად დაუცველები არიან. სახლი მაინც ჰქონდათ”, _ თქვეს “გურია ნიუსთან” ცინცაძეების მეზობლებმა.
როგორც “გურია ნიუსთან” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დაბაში რევაზ ბერძენშვილმა თქვა, ხვალ შეფასდება მდგომარეობა და ოჯახს დროებით, სანამ სახლს აღადგენენ, ქირით გაიყვანენ საცხოვრებლად.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.