თბილისში, 1-ელ კლასიკურ გიმნაზიასთან, ზედოზირებით გარდაცვლილთა ოჯახებისთვის თანადგომის გამოცხადების მიზნით, აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები აღნიშავენ, რომ ნივთიერების გამო, რომელიც ნარკოტიკული საშუალების სახელით იყიდება, ყოველდღე, ვერგაღვიძების საფრთხის წინაშე არაერთი ადამიანი დგას და მთავრობას არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდეს.
„საქართველოში შემოსულმა მომწამვლელმა ნივთიერებამ, რომელსაც სხვადასხვა ტრადიციული და ახალგაზრდებისთვის ნაცნობი ნარკოტიკული საშუალების დასახელებით ყიდიან, უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ათობით ადამიანი კი საკუთარი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თუ სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს. ჩვენ და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ყოველ დღე ვერგაღვიძების საფრთხის წინაშე ვართ.
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეცვალოს არსებული ფაშისტური ნარკოპოლიტიკა და შეჩერებული კანონპროექტის განხილვა გააგრძელოს, რადგან მოქალაქეების სიცოცხლე ბეწვზე კიდია.
ჩვენ, რიგითი მოქალაქეები ერთმანეთს ვიცავთ, რადგან სახელმწიფო არ ასრულებს ამ პასუხისმგებლობას. ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლეს განუზომელი ფასი აქვს და აღარ დავუშვებთ, რომ კიდევ ერთი ადამიანი მაინც დაიღუპოს”, – ამბობენ ორგანიზატორები.