გასულ უქმეებზე ბათუმში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონის დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 15-წლამდე ასაკის მოჭიდავეთა შორის.
აღნიშნულ ტურნირში ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ოთხი სპორტსმენი ასპარეზობდა: გიორგი იაშვილი (29კგ), ზურაბ იაშვილი (44კგ), ოთარ ჯანელიძე (48კგ) და თამაზ აბაშიძე (57კგ).
საბოლოო შედეგების მიხედვით, ლანჩხუთელმა ფალავნებმა ორი მედალი მიითვალეს საკუთარ აქტივში.
ვერცხლის მედალი ოთარ ჯანელიძის ანგარიშზეა, რომელმაც ფინალური ასპარეზობა დათმო მასპინძელი გუნდის მოჭიდავესთან. მწვრთნელთა შეფასებით, ლანჩხუთელი ფალავანი ოქროს მედალსაც იმსახურებდა, რომ არა მსაჯთა არასწორი შეფასება.
ოთარმა ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო ოზურგეთელ, თბილისელ და ხობელ ძლიერ მოჭიდავეებთან, რითაც საქართველოს ნაკრებში მოხვედრის შესაძლებლობა მოიპოვა .
კარგად იასპარეზა გიორგი იაშვილმაც, რომელმაც ორი მოგების შემდეგ ფინალში გადასასვლელი შეხვედრა დათმო აზერბაიჯანელ მოჭიდავესთან მინიმალური სხვაობით. საბოლოოდ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოუგო ბათუმელ მოჭიდავეს და ლანჩხუთელთა გუნდს მეორე მედალი მოუტანა.