“ვეტო დავადე ე.წ ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს იდენტობა ევროპულია და ურყევია ნებისმიერი მცდელობების მიუხედავად”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე და მის მიერ ოფშორების კანონზე ვეტოს დადებას ეხმაურება.
თუ ახლა “ოცნების” უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მესამე მოსმენით 19 აპრილს მიიღო.
კანონპროექტით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში. ასევე, ამ კანონპროექტით, საქართველო, შესაძლოა, სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისთვის შავი ფულის გადამალვის ახალი კერა გახდეს.
ინიციატივის თანახმად, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.