SpaceX-მა საკუთარი მეგარაკეტის სისტემის უახლესი პროტოტიპი წარმატებით გაუშვა. რაკეტა 10 კმ სიმაღლეზე ავიდა. „სტარშიფის“ პროტოტიპებს კომპანია ბოლო დროს ხშირად უშვებს, მაგრამ წინა ოთხი მცდელობისგან განსხვავებით, ეს პროტოტიპი უსაფრთხოდ დაჯდა და პირველი 15 წუთის განმავლობაშიც არ აფეთქდა.
წინა პროტოტიპი მიწაზე დაჯდომიდან 10 წუთის შემდეგ აფეთქდა, მას შემდეგ, რაც მის საფარს ცეცხლი მოედო. მაგრამ ამჯერად, პროტოტიპის ძირში გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს.
კოსმოსური ხომალდის ეს ვერსია, სერიული სახელით SN15, წინა პროტოტიპის ტრაექტორიას მიჰყვა. 16-სართულიანი რაკეტა ტეხასის შტატიდან, ბოკა-ჩიკაში SpaceX-ის გამშვები პუნქტიდან აფრინდა. მას შემდეგ, რაც სიმაღლის პიკს მიაღწია, ხომალდმა საკუთარი სამი ძრავიდან ორი გამორთო.
დაახლოებით 10 058 მეტრ სიმაღლეზე ასვლის შემდეგ, რაკეტა გვერდულად გადაიხარა და დედამიწაზე დაეშვა. მიწისპირთან მოახლოებისას, ძრავები კვლავ ჩაირთო, რაკეტა ვერტიკალურად გასწორდა და დაჯდა.