ამ კანონის შემოღება, რომელსაც, ვშიშობ, უარყოფითი გავლენა ექნება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე, ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ჩამოყალიბებას ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად – რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ნატოს გენერალური მდივანი უარყოფითად აფასებს.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის:
“მე ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ხელახლა შეიტანოს პარლამენტში უცხოელი აგენტების თუ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი. იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევას. საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა დაუახლოვდეს ნატოსა და ევროკავშირს. ამის შესახებ ევროკავშირმაც მკაფიო განცხადება გააკეთა. მე ვიყავი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ და ჩემი მთავარი გზავნილი იყო რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რადგან ხაზგასასმელია, რომ ქართველ ხალხს სურს ევროპულ ოჯახში ცხოვრება. ამიტომ, ამ კანონის შემოღება, რომელსაც, ვშიშობ, უარყოფითი გავლენა ექნება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე, ზიანს მიაყენებს საქართველოს და ხელს შეუშლის მის ჩამოყალიბებას ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად.” აცხადენს იენს სტოლტენბერგი.