„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა გრძელდება. დღეს შეხვედრა ოზურგეთში ტარდება. ამასთან დაკავშირებით იმყოფებიან საორგანიზაციო კომისიის წევრები.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ასევე საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარეა.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ევროპარლამენტარების ჯგუფი საქართველოში შავი ფულით რადიკალიზმის დაფინანსებაში. მან აღნიშნა, რომ კანონის არარსებობის გამო ინფორმაციას შემთხვევით იგებენ, რის გამოც ვერც გამოძიება იწყება და ვერც ვერავის სჯიან.
„ასეთ ინფორმაციას კანონის არარსებობის პირობებში ვერ ვიგებთ პირდაპირ, შემთხვევით მესმის ხოლმე… მაგალითად, ქალბატონი ელენე ხოშტარიას ფეისბუქპოსტიდან გავიგეთ შემთხვევით, რომ თურმე „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს NGO „დროას“, რომელიც არის პარტია „დროას“ ასლი და ამით მიდიოდა პარტიის დაფინანსება. ესაა კანონის გვერდის ავლა, ესაა ჩარევა პოლიტიკაში, ესაა რადიკალების დაფინანსება. ევროპარლამენტარების ამ ჯგუფს უნდა, დარჩეს ჩრდილში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე – რატომ არ იწყებენ გამოძიებას – პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ ეს არაა სისხლის სამართლის დანაშაული. შეკითხვაზე: „შავი ფულის ქვეყანაში შემოსვლა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული?“ – პაპუაშვილი ამბობს:
„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ შავ ფულზე, აქ რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით შავ ფულზე, აქ ვგულისხმობთ შავ ფულზე, ფულზე, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება, იმისთვის, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“, – განაცხადა მან.