დღეისთვის ოზურგეთში ერთი ფირფიტა (ათი აბი) ასპირინი 25 ან 30 თეთრი ღირს. ანუ, საწყის ფასს დაუბრუნდა.
თუმცა, რა ხდებოდა ერთი თვით ადრე? როგორი „ასპირინის ბუმი“ იყო ოზურგეთში, ყველას ახსოვს. აფთიაქებში ვერსად იშოვიდით. სამაგიეროდ, მემწვანილიდან დაწყებული, ლამის ყველა ჰყიდდა ერთ ფირფიტას (ათი აბი) 1,20 ლარად.
„გურია ნიუსი“ ამის შესახებ წერდა და მოქალაქეთა გამოკითხვის მიხედვით, პასუხი ორაზროვანი იყო: ზოგი ამბობდა, რომ ასპირინი საზამთროდ კონსერვების შესანახად სჭირდებოდათ. ზოგიც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ის კორონას საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება იყო.
სიმართლესთან ახლოს, მეორე ვერსია აღმოჩნდა, რადგან საზამთროდ კონსერვებს ყოველ წელს ინახავს ხალხი და ასეთი მოთხოვნა არასდროს ყოფილა. გარდა ამისა, ჩვენთან საუბარში არაერთმა მოქალაქემ დაადასტურა რომ მართლაც კორონას საწინააღმდეგოდ ყიდულობდნენ.
_ კი ასე იყო, ვიღაცამ თქვა, კორონას კურნავსო და მიადგნენ და ყლაპეს ინდაურებივით. მერე სხვამ, ვიღაც მადლიანმა დაწერა, არაა, ბატონო, ეს ინფორმაცია სწორი, უარესი არ გამოდგეს, ექიმის დანიშნულების გარეშე ნურაფერს დალევთო. ამის შემდეგ შეწყვიტეს ყლაპვა და „ტაციობა“. ამიტომაც დაუბრუნდა საწყის ფასს, მაგრამ ის თუ იყო საკითხავი, რატომ არ იყო აფთიაქებში ასპირინი და იქამდე, ყველა მემწვანილეც კი ყიდდა? ძნელი მისახვედრია, საიდან მარაგდებოდნენ? ესაა შავი ბიზნესი. ხალხის ზურგზე გამდიდების მსურველთა რიცხვი, შემცირების გარდა , უფრო რომ იზრდება და, ჯერჯერობით, ვერავინ შველის ამ საქმეს, _ გვეუბნებიან ოზურგეთელი მოქალაქეები.
ამავე თემაზე: ასპირინის ათტაბლეტიანი ფირფიტა ერთ ლარად: „ამის ფასიც კორონამ გაზარდა?“
„ხმა მისცე კი არა, ეს „კრახმალის აბი“ უნდა ჩააყლაპო“: კორონა და ასპირინი
„დედა, გურულები კონსერვებს ინახავენ თუ ასპირინს?“_ ქუთაისური გამოხმაურება „გურია ნიუსს“