“დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ შპს „ელმარის” წარმომადგენელს, შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორს და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტს.
ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორი, ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ელმარის” მინდობილი პირისა და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს”, _ ითქვა სუს-ის მიერ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სტადიონს რეაბილიტაცია 2020 წელს ჩაუტარდა.

ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოების შესახებ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 2020 წლის 28 თებერვალს გამოაცხადა. სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 159,193 ლარს შეადგენდა. ტენდერში გამარჯვება შპს „თეგიკა უნივერსალმა“ მოიპოვა და იმავე წლის 26 მარტს მაშინდელმა მერმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.
„ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 159 193 (ასორმოცდაცხრამეტი ათას ასოთხმოცდაცამეტი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში 2020 წლის 26 მარტიდან 2020 წლის 24 ივნისის ჩათვლით“,_ ვკითხულობთ ხელშეკრულებაში, რომელიც 2020 წლის 26 მარტს შპს „თეგიკა უნივერსალთან“ გაფორმდა.
შპს „თეგიკა უნივერსალმა“ ინსპექტირება შპს „ექსპერტ სერვისს“ დაუკვეთა, რომლის ინსპექტორიც, დავით გოგუაძე ობიექტზე 1-4 სექტემბერს იმყოფებოდა.
ინსპექტირების მიზანი იყო ჩოხატაურის მუწიციპალიტეტში, ხიდისთავში ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოების, აქტების(ფორმა#2) შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება მოცულობების,ღირებულებების და ხარისხის დადგენის მიზნით.
რადგან შესასრულებელი სამუშაო სატენდერო იყო, ორგანიზაციამ შეამოწმა სამუშაოების მოცულობები, კერძოდ, ადგილზე აზომილი და შემოწმებული იქნა ხილული სამუშაოები, ფარული სამუშაოების ჩათვლა მოხდა სამუშაოების აქტზე დაყრდნობით.
„შპს „თეგიკა უნივერსალის“ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა #2) მითითებული დარიცხვები: ზედნადები ხარჯები სამშენებლო სამუშაოებზე და გეგმიური მოგება შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 იანვრის #278 დადგენილებას.
შპს „თეგიკა უნივერსალის“ მიერ, მხარეთა შორის 2020 წლის 26 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #49-ის ფარგლებში, გახორციელებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარისხი ინსპექტირების ჩატარების პერიოდისთვის, წარმოდგენილ სერთიფიკატებზე და ფარულ სამუშაოთა აქტებზე დაყრდნობით, ასევე, ადგილზე დათვალიერების შედეგად მიღებული მონაცემებით, არის დამაკმაყოფილებელი და შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუმცა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ექსპლოატაციის საგარანტიო ვადაში დამკვეთი პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, უფლებამოსილია, ისარგებლოს ხელშეკრულების მე-6 მუხლით მინიჭებული უფლებით. ამრიგად, ანაზღაურებას ექვემდებარება 159 168,37 ლარი“, _ ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში, სადაც აღნიშნულია, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს.
რაც შეეხება შპს „ელმარს“, მასთან ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 23 ივნისს გააფორმა. აღნიშნულ კომპანიას სტადიონის მიმდებარედ წყალგამტარი მილებისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები ევალებოდა. ხელშეკრულების ღირებულება კი შეადგენს 17 384.70 ლარს შეადგენდა.
აღნიშნულმა კომპანიამ ექპერტიზა შპს “ზაისი და კომპანიას” დაუკვეთა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სუს-მა ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: „ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორი, ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ელმარის” მინდობილი პირისა და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს“, _ ნათქვამია სუს-ის განცხადებაში, თუმცა, დაკონკრეტებული არ არის, რა სახის თაღლითობაზე და გაყალბებაზეა საუბარი.
სუს-ის ამ განცხადების შემდეგ, ჩნდება კითხვა, როგორ მოხდა 2020 წელს ობიექტის ჩაბარება, თუკი დოკუმენტაცია ყალბი იყო? კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩოხატაურის მაშინდელ მერს, ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგსაც საზოგადოება გაიგებს.
თუმცა, ჩვენს კითხვას, როგორ მოხდა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ყალბი დოკუმენტაციით ჩაიბარა ობიექტი, კუჭავა პასუხობს:
„დარწმუნებული ვარ, ყალბი დოკუმენტებით არ ჩაუბარებია. 6 წელია გასული. ამ თემასთან დაკავშირებით მე მეტ კომენტარს არ ვაკეთებ. გამოძიებაში რაღაც გამოკვეთილია, რაღაც ნახეს და დანარჩენი გახდება ცნობილი.
ერთი რამ არის ფაქტი, ხიდისთავში იყო სტადიონი, რომელიც სტადიონი არ იყო. იყო დაჭაობებული, დაფარული ჭაობის მცენარეებით და ახლა არის სრულყოფილი სტადიონი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი სპორტული შეჯიბრება ჩატარებულა. დანარჩენი, რა არ ჰქონდა სწორი დოკუმენტაციაში შემსრულებელ კომპანიას, გაარკვევს შესაბამისი ორგანოები“.
„მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მიმართეთ პრესსამსახურს და გიპასუხებენ“, _ ამბობს ზურა მათითაიშვილი ჩვენთან საუბრისას.
_ ბატონო ზურა, 5-6 წელია გასული სტადიონის რეაბილიტაციიდან. რა მდგომარეობაშია სტადიონი და ადგილობრივები ხომ არ გამოხატავენ პრეტენზიას?
_ სტადიონი იდეალურ მდგომარეობაშია. რეაბილიტაციის შემდეგ ნოდარ დუმბაძის სახელობის ტურნირს ვატარებთ, გაზონს გაკრეჭვა უნდა და ვპატრონობთ. თუკი ვინმემ პრეტენზია გამოხატა, ეგ არ ვიცი, _ ამბობს მათითაშვილი.

საკითხში გასარკვევად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსს ვლადიმერ გოგიბერიძეს დავუკავშირდით, თუმცა, მან გვითხრა რომ შვებულებაში იმყოფება, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაზე იცის არაფერი და თუკი მის სამსახურს რაიმე ეხება, კითხვებზე შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გვიპასუხებს.
გოგიბერიძის მოვალეობას ამ დროისთვის მერიაში ლალი თავაძე ასრულებს.
ჩვენ მასაც დავუკავშირდით, თუმცა გვიპასუხა, რომ შეხვედრაზე შედიოდა და ჩვენთან საუბრისთვის დრო არ ჰქონდა.
ჩვენს კითხვას არც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა არ უპასუხა:
„ახლა არა“, _ გვითხრა ირაკლი ახობაძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
ამავდროულად კი მედიაში, კერძოდ, კი „გურიის მოამბის“ ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ჩოხატაურის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ხიდისთაველი (ამავე სოფლიდან), ბაჩი გოგიბერიძეა, ხოლო ჩოხატაურის სუს-ის უფროსი მისი შვილი _ ლაშა გოგიბერიძე.
ბაჩი გოგიბერიძე, ანუ ჩოხატაურის სუს-ის უფროსის მამა, ნაწილობრივ, ან ირიბად, პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მით უმეტეს, საკუთარ მშობლიურ სოფელში _ ხიდისთავში.
როგორც ადგილობრივები „გურიის მოამბესთან“ საუბარში ხუმრობენ, ბაჩი გოგიბერიძის გარეშე, ხიდისთავიდან, “ჩიტი კურკანტელას ვერ გაიტანსო”.
მოკლედ, გამოდის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლოა, ამ კონკრეტული საქმის გამოძიების პროცესში, მისი მაღალჩინოსნის მამაც დააკავოს“, _ წერს „გურიის მოამბე“.
ავტორი






























































