გამთენიისას, ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათის ტერიტორიაზე ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ჯემალ ქობულაძე, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანა ამ ეტაპზე მკურნალობას ბათუმის რეფერალურ სავადმყოფოში აგრძელებს.
ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის, „მედალფას“ თანამშრომელთა თქმით, ქობულაძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.
„ბეჭი ჰქონდა მოტეხილი და სავარაუდოდ, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა, ასევე, დაზიანებები ჰქონდა თავის არეშიც, რისთვისაც ტომოგრაფიული გადაღება ესაჭიროებოდა. შემდეგი მკურნალობის მიზნით, იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი“, _ გვითხრეს „მედალფაში“.
ავარიას, რომელიც 24 აგვისტოს გამთენიისას მოხდა, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერს, რომელსაც აზერბაიჯანიდან ბათუმის მიმართულებით ტვირთი გადაჰქონდა, მისაბმელი მოძვრა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
მსუბუქ ავტომობილში ერთი ოჯახის ექვსი წევრი იმყოფებოდა, მათგან ხუთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შუახნის მამაკაცი მხარის ძვლის მოტეხილობითა და თავის ქალის ტრავმით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც გარდაცვლილის მეზობლები „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობენ, ქობულაძეების ოჯახი ბათუმიდან თბილისში ექიმთან მიდიოდნენ. მათი ინფორმაციით გარდაცვლილია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი, დედამთილი და გოგონას ძმა. გადარჩენილი მამაკაცი კი გოგონას მამაა.
გარდაცვლილ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს რამდენიმე თვის ბავშვი დარჩათ.