ქალაქ ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სპორტის განვითარების ცენტრისა და გურიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სწრაფი კვების ობიექტი აშენდება, _ ამის შესახებ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ბანერზეა მითითებული.
ქალაქის ცენტრში ახალი შენობის ასაშენებლად, 30 წლით ვადით, ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ მერს თანხმობა რამდენიმე თვეა, რაც მისცა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 ივნისის #48 განკარგულების თანახმად, „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა, სსიპ თვითმმართველი ქალაქი _ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მერაბ კოსტავას ქ. 31 მდებარე 3493 კვ.მ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 26.26.42.086.) 50 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, სასყიდლიანი აღნაგობის სახით 30 წლის ვადით გაცემის თაობაზე, აღნიშნულ ადგილზე კვების ობიექტის აშენების მიზნით“.
აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მშენებლობის ადგილი ქალაქ ოზურგეთის ცენტრში არ არის და ამას, შესაძლოა, რამდენიმე ნაძვის ხე შეეწიროს. ამბობენ იმასაც, რომ აღნიშნულ შენობას ქალაქ ოზურგეთის მერთან დაახლოებული და არჩევნებში აქტიურად მონაწილე პირები აშენებენ.
კონკრეტული პირი, ვის სახელზეც არის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ირაკლი დოლიძის მეუღლე ნინო ღლონტია.
ოზურგეთში “დოლად“ ცნობილი ირაკლი დოლიძე კი ქალაქ ოზურგეთის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკებთან თუ ბიზნესმენებთან დაახლოებული პირია. იგი აქტიურად იყო ჩართული არაერთ არჩევნებში.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი“ ირაკლი დოლიძეს დაუკავშირდა, რომელმაც კითხვის დასმისთანავე გაგვითიშა ტელეფონი:
“მაგაზე არაფერი მკითხოთ, როცა შეგხვდებით პირადად, გაგესაუბრებით“, _ გვითხრა დოლიძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
ლევან მგელაძე, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი:
“მერია ითხოვდა თანხმობის მიცემას მიწის იჯარით გაცემის თაობაზე აღნაგობის უფლებით, 30 წლის ვადით, მოქალაქე ღლონტის პირადი განცხადების საფუძველზე. სადაც მითითებული იყო, რომ სურვილი ჰქონდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაეკეთებინა სწრაფი კვების ობიექტი. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა პირდაპირი განკარგვის წესს ვეწინააღმდეგები და ვითხოვ აუქციონის ჩატარებას, რადგან უფრო მეტი თანხა იქნას ბიუჯეტში მობილიზებული, ამ განკარგულებისთვის ხმა არ მიმიცია. ჩემი ინფორმაციით, ნაძვის ხის მოჭრა არ იგეგმებოდა, პირველად გამოვიდა საკითხი 50 კვ.მ-ზე, რომელიც სპორტის სასახლისა და ადმინისტრაციული შენობის შუაში მდებარეობს და ასევე, ნაწილობრივ გაზონზეც. მეორედ შემოვიდა მოთხოვნა, რომ დაემატებინათ კიდევ 50 კვ.მ. ნაკვეთი, რადგან ის ფართი არ ჰყოფნიდა“, _ ამბობს მგელაძე.
ნათია ვაშალომიძე, მოქალაქე: “ლიბერალიზაციას ზეიმობს მთელი ქვეყანა. მათ შორის ჩვენი ქალაქი. მინდა შევუერთდე ამ დღესასწაულს და გავახსენო ქალაქის მერიას, რომ ევროპა მხოლოდ ევროკავშირის დროშების აივანზე გამოფენას არ ნიშნავს. გაზონზე, საჯარო სივრცეში სრულიად ჯანსაღი, ნახევარსაუკუნოვანი ხეების მოჭრა ძალიან შორსაა ევროპული სტანდარტებისგან. ეს არაა არც განვითარება და არც აღმშენებლობა, არამედ საზოგადოებრივი სივრცეებისა და მთლიანად ქალაქის განადგურებაა“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე მიიჩნევს, რომ სწრაფი კვების ობიექტის კონკრეტულ ადგილზე განთავსების მიზანშეწონილობა ურბანისტებმა და არქიტექტორებმა უნდა შეაფასონ:
“ამ საკითხის ყველაზე კარგი შემფასებელი, ასევე, საზოგადოებაა. რაც შეეხება უფლების გაცემის სამართლებრივ ფორმას: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს საკრებულოს თანხმობით გამგეობის/მერიის მიერ ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესაძლებლობას, თუმცა, ამავდროულად, არ უზღუდავს მას შესაძლებლობას, რომ ქონება აუქციონის წესით გასცეს, რაც უკეთ უზრუნველყოფს, როგორც შემოსავლების ზრდას თვითმმართველობის ბიუჯეტში, ისე თანასწორუფლებიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას ბიზნეს სექტორში. ყველა იმ სახის გარიგება, სადაც პირდაპირი განკარგვის წესით გრძელვადიანად (25-45 წლით) ხდება ქონების უსასყიდლო თუ სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემა, იწვევს ეჭვს სავარაუდო კორუფციული გარიგების თაობაზე“, _ აღნიშნავს ტრაპაიძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს იმ ადამიანებს, ვინც კი დაინტერესებული იქნება საქმის კეთებით ჩვენს ქალაქში და გამორიცხავენ სხვა პირებთან რაიმე ახლო კავშირს ბიზნესის კუთხით:
“სპორტის განვითარების ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება სწრაფი კვების ობიექტი. აღნიშნული ფართი სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით მიიღო მოქალაქე ნინო ღლონტმა, რომელმაც მოგვმართა წინადადებით და შესაბამისი პროექტით. ობიექტის მშენებლობის პროცესს არანაირი შეხება არა აქვს აქ არსებულ ხეებთან. გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეები განადგურდება, არანაირი კავშირი არა აქვს სიმართლესთან. ხსენებულ პროცესში არცერთი ხე არ მოიჭრება. რაც შეეხება სხვა პირების აღნიშნულ საკითხთან კავშირს, ესეც მორიგი დეზინფორმაცია გახლავთ. ხსენებული ფართი სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით ნინო ღლონტს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადასცა. დიახ, ჩვენი დამოკიდებულება ნამდვილად გახლავთ ამგვარი: ქალაქს განვითარებისთვის აუცილებლად ესაჭიროება ბევრი მსგავსი და სხვა დანიშნულების მქონე ობიექტი, სადაც ადამიანები დასაქმდებიან“, _ აღნიშნავენ მერიაში.