ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა, ირაკლი კუჭავამ, გამგებლის რანგში ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 23 სექტემბერს შეავსო.
დეკლარაციით ვიგებთ, რომ ჩოხატაურის პირველი პირი მეუღლესთან, ელისო სიხარულიძესთან ერთად ცხოვრობს.
დოკუმენტის თანახმად ირაკლი კუჭავა, მემკვიდრეობით მიღებულ 400კვ.მ ფართის საცხოვრებელ სახლს ფლობს ჩოხატაურში, აღმაშენებლის #40.
ამავე მისამართზე მემკვიდრეობით აქვს მიღებული 2500 კვ.მ. მიწის ფართობი. ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული დაბა ჩოხატაურში 3000 კვ.მ. მიწის ფართობი.
ირაკლი კუჭავას 2011 წელს შეძენილი აქვს 50000 კვ.მ. მიწის ფართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში.
მისი მეუღლის საკუთრებაშია 100 კვ.მ. მიწის ფართი კურორტ ბახმაროში.
დეკლარაციის მიხედვით ირაკლი კუჭავას, 2015 წელს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჩუქრად აქვს მიღებული. დეკლარაციაში მჩუქებლის ვინაობა მითითებული არ არის.
ირაკლი კუჭავა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი მეზობელმა აჩუქა:
_ ეს ნაკვეთი ჩემი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზეა. ადრე ჩემი ოჯახის საკუთრება იყო. შემდეგ დოკუმენტებით აღმოჩნდა მეზობლის _ მზია ჟღენტის საკუთრებაში და ამიტომ, ქალბატონმა მზიამ ჩუქების სახით დამიბრუნა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
რაც შეეხება ფულად შემოსავლებს _ დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი კუჭავას სახელფასო ანგარიშზე 4000 ლარი ჰქონდა; ხოლო მის მეუღლეს _ 4 800 ლარი.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წინა წელს ელისო სიხარულიძემ, როგორც შპს,,მედალფა ჩოხატაურის“ ექიმმა 35 962 ლარი მიიღო, ხოლო როგორც სოფელ ზოტის უბნის ექიმმა 7 800 ლარი.
ირაკლი კუჭავას შემოსავალი 2016 წელს 31 800 ლარი იყო.
ჩოხატაურის გამგებლის ოჯახს გასულ წელს გასავალიც ჰქონდა _ ელისო სიხარულიძემ „საქართველოს ბანკში“ არსებული სამომხმარებლო სესხის საფასური _ 919 ლარი გადაიხადა.