საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა. პირველი მოადგილე სამინისტროში კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.
ამ პოზიციის დაკავებამდე თამარ მახარაშვილი წლების განმავლობაში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 2019 წლიდან, მანამდე კი წლების განმავლობაში ეკავა დირექტორის მოადგილის პოზიცია. იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე.
თამარ მახარაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგის (ებრაისტი) კვალიფიკაცია და მაგისტრის აკადემიური ხარისხი. გახლდათ გიორგი წერეთლის სახელობის სტიპენდიატი. გავლილი აქვს სტაჟირება იერუსალიმის ჰარ-ჰაცოფიმის უნივერსიტეტში. გაიარა თსუ-ს ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეული ფილოლოგიის განხრით.
თამარ მახარაშვილს 1997 წლიდან დღემდე კვლევის ძირითად სფეროში გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, ასევე გავლილი აქვს ისრაელის სარ ჰა არონის კურსები სამთავრობო უწყებებში მართვა-მენეჯმენტის მიმართულებით.
თამარ მახარაშვილი გახლავთ ებრაულ ენაზე გამოცემული „დედა-ენის“ ავტორი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მიხედვით, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის შეიქმნა.
რაც შეეხება მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძე განათლების მიმართულებით მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელებს, სადაც სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ინკლუზიური განათლების მიმართულებას უხელმძღვანელებს.
[sexy_author_bio]