ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინერტული მასალების მოპოვების კანონიერებას სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს _ ამის შესახებ “გურია ნიუსმა“ უკვე რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად კარიერების შესახებ ინფორმაცია ანტიკორუფციულ სამსახურს ფინანსურმა პოლიციამ მიაწოდა.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, უკანონოდ წიაღისეულის მოპოვების გარდა, საზოგადოება არარსებულ ფირმებზე საუბრობს, რის მიხედვითაც ე. წ. “კაი ბიჭებს“ ყოველგვარი საშემოსავლოს და დღგ-ს გადახდის გარეშე გაჰქონდათ ქვიშა-ხრეში გადამყიდველებთან, რომლებიც ლიცენზირებული კომპანიებისა თუ ინდმეწარმეების სახელით მოქმედებენ.
დღეს “გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა იმ პირების ვინაობა, რომლებიც კარიერების თემაზე სუს-მა დაკითხა .
ჩვენი წყაროს თქმით, ერთერთი მათგანი, ვისაც ე. წ. ფირმა ჰქონდა, ქალაქ ოზურგეთში, “ზვანშის“ უბანში მცხოვრები გ. კ.-ა, რომელიც ჩვენთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფს სუს-ის მიერ დაკითხვას და აღნიშნავს, რომ მას აქვს მხოლოდ ერთი შპს და ისიც ლანჩხუთში, ოზურგეთის კარიერებთან კი, როგორც თავად ამბობს, შეხება არ აქვს.
ჩვენი წყაროს თქმით, სუს -მა დაკითხა ყოფილი მაღალჩინოსნები _ კ. გ. და შ. მ., რომლებიც წლების განმავლობაში ფლობდნენ კარიერებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ჩვენთან საუბრისას კ. გ.-მ კატეგორიულად უარყო მისი დაკითხვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია:
_ ტყუილია, კაით, რა!
შ. მ. ჩვენს კითხვაზე გაღიზიანდა ა და უშვერი სიტყვებით ყვირილი დაგვიწყო:
_ შანტაჟზე მოდიხართ? ფული არ მოგეცით და მაგიტომ? კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია, სად ვიყავი დაჭერილი და სად დამკითხეს! აქეთ დაგიჭერთ, თქვენი… მოწმედ დავიყენებ ორ კაცს და დედას…მ… _ ყვიროდა შ. მ.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კიდევ ერთი პირი, ვინც უშუალოდ ფლობდა კარიერებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები ინდმეწარმე სიკო მეხუზლაა.
სიკო მეხუზლა სუს-მა დაკითხა და ტელეფონიც ჩამოართვა. აღნიშნული ინფორმაცია მეხუზლამ “გურია ნიუსს“ დაუდასტურა:
_ დიახ, დამკითხეს იუსტიციის სახლში, ჩამომართვეს ტელეფონი, წარმომიდგინეს სასამართლოს განჩინება. ჩხრეკის ორდენი ჰქონდათ, პირადად ჩემზე იყო გაცემული ჩხრეკის ორდერი და სხვა არაფერი არ გაუჩხკრეკიათ. მითხრეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მე თავიდან არაფერი არ ვიცოდი და თქვენი სტატიებიდან გავიგე, რომ, თურმე, უკანონოდ ხდებოდა წიაღისეულის მოპოვება. წავიკითხე თქვენი წერილები, სადაც ქრთამის აღებაზე და ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვებაზე იყო საუბარი. მე საჯარო მოხელე არ ვარ, რომ ვინმესგან ქრთამი ამეღო. ეტყობა, მართლაც მოხდა რაიმე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა არაფერი ვიცი.
_ ბატონო სიკო, სად გაქვთ კარიერი?
_ კარიერი ბევრი მაქვს _ გურიანთაში და მელექედურში; მაკვანეთსა და ნაგომარში ახლა ვგეგმავ ყიდვას. ისე ორი კარიერი მაქვს ლიცენზირებული. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ კრიმინალში გავეხვიო. ყველაფერი ოფიციალურად ლიცენზირებული მაქვს, ყველა გადასახადს ვიხდი. თუ ვინმეს აინტერესებს, ყალბად ვის რა აქვს, არსებობს მაგისთვის შესაბამისი ორგანოები და გამოავლენენ დამრღვევებს
_ ბატონო სიკო, ჩვენი ინფორმაციით, რომ იყო არარსებული ფირმები. ისინი ყიდულობდნენ და ყიდდნენ ქვიშა-ხრეშ, წილში კი ე. წ. „კაი ბიჭები“ ყავდათ. გქონდათ თუ არა შეხება მათთან?
_ ჩემთან არ იყო გადაცდომები. ვისაც ხრეშს ვაწვდიდი, მას ვაჩვენე ჩემი კარიერი და მოვუნიშნე ტერიტორია. ეს იყო და ეს. რასაც გაიტანდნენ, იმ მასალის ღირებულება მე მერიცხებოდა. სხვასთან არანაირი შეხება არ მქონია.
_თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, ვის გაჰქონდათ ქვიშა-ხრეში თქვენგან?
_ ვისაც გაჰქონდა. მე არ გამქონდა, გადამყიდველი მოდიოდა ჩემთან. მე თვითონ არც ამომიღია, არც ტრანსპორტირება გამიკეთებია . ტრანსპორტირების გარეშე მივყიდე ქვიშა-ღორღი. ამას იქეთ სხვა საქმე არ მქონდა.
_ ვის მიჰყიდეთ ?
_ ერთ-ერთი იყო „ვავილონი“, მეორე _ “ნიუ როადი“.
_ მათ ლიცენზირებული კარიერები არ ჰქონდათ?
_ არ ვიცი. ჩემთან მოვიდნენ საყიდლად და მოველაპარაკე. ჩემთან მიმართებაში რაც იყო, ესაა. 20 ათასი კუბი მერიაში მქონდა, 53 ათას 700 _ მელექედურში. მე სხვა სამეწარმეო საქმიანობებს არ ვაწარმოებდი.
_ როგორ მოიპოვეთ ლიცენზია?
_ მერიის კარიერი ერთ-ერთი გადამყიდველიდან, ვიღაც აბესაძისგან არის განაყიდი. ალბათ, მე-9 ხელი ვიყავი, როცა ვიყიდე; მელექედურის კარიერი კი აუქციონზე შევიძინე.
მე როგორც ვიცი, კარიერის მფლობელები, ჩემს გარდა, არავინ დაკითხულა. მარტო ჩემთან იყო ეს ამბავი
_ მარტო თქვენ რატომ დაგკითხეს?
_არ ვიცი! რა ვუყო ბავშვებს, თორემ ერთი წუთით არ ვიცხოვრებდი ამ ქვეყანაში!
_ თქვენს უკან ვინმე დგას ისეთი, რომელზეც გასვლა სურს გამოძიებას?
_რატომ უნდა იდგეს ვინმე ჩემს უკან? მე უკან არავის დგომა არ მჭირდება. ვისაც სჭირდება ხელის შეშველება და ბარჯგის შეყენება, შეუყენონ იმას. მე მყავს ოჯახი და შვილები და სხვა არავინ არ მჭირდება. მარტომ მივაღწიე ამ ყველაფერს, ჩემი შრომით და წვალებით _ ეს უცხო არავისთვის არ არის. მაქვს შპს, კოოპერატივი, უზარმაზარ საქმეებს ვაკეთებ, ეს კარიერები ჩემთვის არის ფრჩხილისოდენა რაღაც. ამხელა აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა, ნეტავ, საერთოდ არ მეყიდა _ რა ჭირად მინდოდა?! _ამბობს მეხუზლა.