თბილისის ახალი მერის მოადგილეების პოსტს მაია ბითაძე,ირაკლი ხმალაძე,ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი დაიკავებენ. ხოლო ახალ გუნდთან ერთად ქალაქის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას ძველი გუნდიდან გიგა ნიკოლაიშვილი განაგრძობს, _ ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს და ეს არ არის მარტო სლოგანი, არამედ ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი გუნდის მიზანი. მე წარმოვადგინე შვიდ ძირითად პოლიტიკაში ჩაშლილი საარჩევნო პროგრამა – ქალაქის განვითარების ხედვა.
სწორედ პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური პროგრამის აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური და ენერგიული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება.
ირაკლი ხმალაძე მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ჩემ გვერდით იყო. ის წლების განმავლობაში, ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
მაია ბითაძე ჩემს გუნდს წინასაარჩევნოდ შემოუერთდა და ამ მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სამომავლო გეგმების ფორმირებაში. მინდა მას წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ ის ქალაქის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს
მერის მოადგილეობის შემდეგ კანდიდატურას – ირაკლი ბენდელიანს კახა კალაძის განცხადებით, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ენერგეტიკის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.
რაც შეეხება მეხუთე მოადგილის თანამდებობას, მას ილია ელოშვილი მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების დასრულების შემდეგ დაიკავებს“, _ განაცხადა კალაძემ.
კალაძემ მოადგილეების წარდგინებისას ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. ვიყო ქალაქის მერი ეს არის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ძალიან კარგად მაქვს გააზრებული“, _განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები მომდევნო დღეებში დასახელდება.