ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძიმითში საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს.
შემთხვევა წუხელ, ღამით მოხდა.
როგორც გვითხრეს, ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერა, რომლიდანაც გადმოსულმა მამაკაცმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა:
_ პატრულმა ავტომობილი გააჩერა გადამოწმების მიზნით. ამ დროს, უკანა სალონიდან მამაკაცი გადმოვიდა და პოლიციელების მისამარტით ისროლა, _ გვითხრა თვითმხილველმა.
როგორც დავადგინეთ, დამნაშავე, რომლის ვინაობა ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩვენი წყაროს თქმით, ის წარსულში ნასამართლევი პირია და სოფელ ძიმითში ცხოვრობს.
“2019 წლის 19 მარტს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის მგზავრი გადმოვიდა ავტომანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნული პირის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს მიმდინარეობს – სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, _ გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.