დღეს, ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა ნოდარ დუმბაძის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ფესტივალი ოზურგეთის თეატრის _ 155 და ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილეებს მიეძღვნა.
ფესტივალის დამფუძნებელმა და ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ წელს ფესტივალის ფარგლებში 26 ქართული და უცხოური თეატრალური დასის მიერ იქნა წარმოდგენილი სპექტაკლები.
მისივე თქმით, შემდეგი ფესტივალი 2025 წელს ჩატარდება და უფრო მეტი თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას.
ვასილ ჩიგოგიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებმიც ფესტივალს დაარსების დღიდან დღემდე ეხმარებოდა.
ფესტივალის დახურვის პირველ ნაწილში ვიდეოს სახით ნაჩვენები იქნა ოზურგეთის თეატრის ისტორია. ასევე სცენაზე გამოვიდნენ ოზურგეთის თეატრის მსახიოები და თანამშრომლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის მაყურებელს საინტერესო სპექტაკლებით დაამახსოვრონ თავი.
ფესტივალის მეორე ნაწილი დაჯილდოებას დაეთმო. წელს ჟიური ექვსი ადამიანისგან შედგებოდა, რომლის თავმჯდომარე იყო მწერალი, პოეტი, დრამატურგი ნინია სადღობელაშვილი.
წელს ექვსს ნომაციაში გაიცა პრიზები, ასევე დაწესებული იყო გრან პრი. ხოლო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა დააწესა სპეციალური პრიზები.
ნომინაციაში „საუკეთესო სცენოგრაფიისთვის“ გამარჯვებული გახდა – ვახტანგ ქორიძე (ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“) ; საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა თამარ მამულაშვილი (სპექტაკლი „ავი მუსაიფი“, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი); საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომანიციაში დასახელდა ზვიად პაპუაშვილი („ქეიფი სოლოლაკში“, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი); საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის“ ფესტივალის დაწესებული ფულადი ჯილდო და პრიზი გადაეცა რეჟისორს გაუხარ ადაის (კუდუს კუჟამიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიური თეატრი/ყაზახეთი) მან დადგა ბასა ჯანიკაშვილის პიესა ,,ომობანა“; ნომინაციაში საუკეთესო სცენური ინტერპრეტაცია – გამარჯვებულად დასახელდა საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრის (ყაზახეთი) სპექტაკლი „კუკარაჩა“ – რეჟისორი ბარზუ აბდურაზაკოვი. მაყურებლის რჩეული გახდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობი ნიკოლოზ პაიჭაძე (სპექტაკლი „ავი მუსაიფი).
გრან-პრი კი „თავისუფალი თეატრს“ გადაეცა. თეატრს ფესტივალზე წარმოდგენილი ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი.“
ყველა მათგანს ფულადი ჯილდოები და პრიზები გადაეცათ. ფესტივალის დახურვას ესწრებოდა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანი, გურიის ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.
ავტორი