რამდენიმე დღის წინ, მედიასახლ “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო გამოკითხვა _ “ვინ გინდათ, რომ იყოს ოზურგეთის მერი?“
პირველი სამი დღის განმავლობაში ოზურგეთის მერობის სამივე კანდიდატმა _ ავთანდილ თალაკვაძემ, კონსტანტინე შარაშენიძემ და გია ცეცხლაძემ, დაახლოებით, თანაბარი ხმები მიიღეს. თუმცა, შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და მოკლე პერიოდში ერთ-ერთმა კანდიდატმა კონკურენტებს მთელი 600-ზე მეტი ხმით გადაასწრო.
ჩვენი გამოკითხვა დაფუძნებულია სპეციალურ ალგორითმზე და მსურველს საკუთარი ბრაუზერიდან მხოლოდ ერთხელ აქვს ხმის მიცემის უფლება, თუმცა, კომპიუტერის კარგად მცოდნე ადამიანს, შეუძლია ეს ალგორითმი მოატყუოს და ერთ მომხმარებელს, იმდენჯერ მიაცემინოს ხმა, რამდენის სურვილიც აქვს.
“გურია ნიუსმა“ გადაამოწმა გამოკითხვის შედეგები და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე IP-იდან ერთ-ერთ კანდიდატს იმაზე ბევრჯერ მეტი ხმა აქვს მიღებული, რამდენსაც ჩვენი გამოკითხვის ალგორითმი ითვალისწინებს.
ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ამ კონკრეტულ IP-ზე 50 ან მეტი კომპიუტერია მიერთებული, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ან თუ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიღაცამ მოატყუა ჩვენი ალგორითმი და ერთი კომპიუტერიდან რამდენჯერმე მისცა ხმა.
რადგან მსგავსი ტენდენცია, ისევ გრძელდებოდა და საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეიქმნა, “გურია ნიუსი“ იძულებული გახდა, ვებგვერდიდან გამოკითხვა აეღო.
ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ გამოკითხვა სპეციალურად გაყალბდა, თუმცა, განვითარებული მოვლენები სწორედ ამის საფუძვლიან ეჭვს იწვევს და აფრთხილებს, მხარეებს, დაიცვან სამართლიანი თამაშის წესები და ნუ გამოიყენებენ მედიას, ვითომ, მათი უპირატესობის დამამტკიცებლად!
ყველანაირი გამოკითხვა პირობითია და არ ასახავს რეალურ ვითარებას, ხოლო ვინ რამდენ ხმას მიიღებს, ეს არჩევნების დღეს გამოჩნდება და მანამდე ყოველგვარი მანიპულირება, ამ მანიპულირების შემოქმედის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.