“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძეს მრჩევლად სამართლებრივ საკითხებში კოკა კიღურაძე ინიშნება.
ეს ინფორმაცია ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს თავად კიღურაძემ დაადასტურა.
კოკა კიღურაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “მმართველობის სისტემების განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორია, მანამდე კი რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა.
კოკა კიღურაძე წლებია, თვითმმართველობის საკითხებით არის დაინტერესებული. წელს, 18 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქების გაერთიანებას. სწორედ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა კოკა კიღურაძემ _ იგი პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომაზე სამგლოვიარო თაიგულის შეტანას ცდილობდა, მაგრამ დაცვა ამის გაკეთების უფლება არ მისცა.