შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საგარეჯოში გასროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.
„თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა. ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დაგვიდასტურეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა არავინ იცის“, – განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა, რომელიც საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.
ამასთან, გომელაურმა ვერ დააკონკრეტა, რა მიზეზით დატოვა 1974 წელს დაბადებულმა პირმა სამხედრო სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.
ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.