ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლისთვის ნოე ჟორდანიას სახელის მინიჭების ინიციატივით მიმართა საკრებულოს ფრაქციამ „ლანჩხუთელები ძლიერი თვითმმართველობისათვის“.
„ეს სკოლა არის ისტორიული, შენობაც ისტორიულია, სამწუხაროდ, პირვანდელი სახით არ არის შენარჩუნებული და კარგი იქნება თუ მას ძველი სახე დაუბრუნდება ოდესმე. თუ ჩვენ ამ სკოლას ნოე ჟორდანიას სახელს მივანიჭებთ, ეს იქნება პატივისცემის გამოხატვა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ლანჩხუთში დაიბადა და დაწყებითი განათლებაც აქ მიიღო. ის მარტო სოციალ-დემოკრატი არ ყოფილა, ევროპული შეხედულებების პოლიტიკოსი იყო. სამწუხაროდ, ლანჩხუთში მისი სახელობის მუზეუმი არ გვაქვს და კარგი იქნება, თუ სკოლას მაინც მივანიჭებთ მის სახელს“, _ აღნიშნავენ ოპოზიციური ფრაქციის წევრები.
ოპოზიციური ფრაქციის ინიციატივას უმრავლესობის წევრებიც იზიარებენ. მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ პირველ საჯარო სკოლას ნოე ჟორდანიას სახელი მიენიჭოს. იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ვერიკო კვირკველიას განმარტებით, საკითხი სკოლის სამურვეო საბჭოს განსახილველია.