ამ დილას ბავშვების ნაწერებს ვკითხულობდი – მეათე კლასია. ასეთი თხზულება უნდა დაეწერათ: “სამშობლოსათვის ცოტა გაგიკეთებია, თუ ყველაფერი არ გააკეთე” (მაქსიმილიან რობესპიერის სიტყვებია).
ერთმა მოსწავლემ ასე დაიწყო:
“ზაფხული იყო. მე რვა წლის ვიყავი. განცვიფრებული ვუყურებდი დედაჩემს, სანამ ის ყვავილების ბაღს უვლიდა. უზომო სიფრთხილით ეპყრობოდა თითოეულს, მაგრამ განსაკუთრებით – ვარდებს.
“დე, რასაც გააკეთებ, გულიანად და გულდასმით უნდა გააკეთო ყოველთვის – ეს დაიმახსოვრე. მე რომ ჩემს “ლამაზებს” ყოველდღიურად ასე არ ვუვლიდე, ასეთი მშვენიერები კი არ იქნებოდნენ?” – მეუბნებოდა ხოლმე.
ახლა უკვე ეს ბაღი აღარ გვაქვს (სხვაგან გადავედით საცხოვრებლად), თუმცა ამ თემის წერისას ეს სიტყვები მკაფიოდ გამახსენდა – ჩვენი ქვეყანაც ვარდი არ არის? მასაც ხომ ყოველდღიური ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება?”
ვინ იცის – იქნებ ყმაწვილის პირით ამ დილას საქართველო ლაპარაკობდა? _ წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია.