ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის მკვიდრის, ირმა გორდელაძის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში ნიაბაურის წისქვილთან, “ენერგო პრო ჯორჯიას“ ჭადრის მოჭრა აქვს გადაწყვეტილი.
მისივე ინფორმაციით, სოფელ ლიხაურში ბოლო დღეების განმავლობაში 20 ძირი ხე მოიჭრა.
“პასუხი უნდა აგოთ ვანდალიზმისთვის, რაც ამ ორ დღეში ჩაიდინეთ სოფელ ლიხაურში. ასევე, პასუხს მოვთხოვთ გურიის სატყეო სამსახურს, რომელმაც გასცა ნებართვა და მოჭრილ იქნა, დაახლოებით, 20 ძირი ჯანსაღი, მსხმოიარე კაკლის და სხვა ჯიშის ხეები, საოცრად რომ ცოცხლებდა და აგრილებდა აქაურობას.
“ენერგოპროჯორჯიის” ოზურგეთის ფილიალის უფროსმა სატელეფონო საუბარში მომახსენა-კონტრაქტი გვაქვს და ხეები, რომელიც ელექტროძაბვასთან ახლოსაა, უნდა მოვჭრათო.
ოზურგეთის სატყეოს ხელმძღვანელს დავუკავშირდი და მე ახალი ვარო. ანუ ძველ ხელმძღვანელობას გაუცია ნებართვა და დაუნომრავთ ხეები.
ვინ იცის, კიდევ რამდენი ხე აქვს კომპანიას დანომრილი მოსაჭრელად.
გამოვითხოვთ ყველა დოკუმენტაციასა თუ ნებართვებს.
ამ ადგილზე ისევ დავრგავთ კაკლის ხეებს მე და ჩემი მოსწავლეები.
თუ ხე იწვევს ძაბვის მიწოდებაში შეფერხებას, უნდა მოხდეს მისი დაბელვა და არა ძირში მოჭრა!“ _ მიიჩნევს ირმა გორდელაძე.
“ენერგო პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში ამ ფაქტთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან“ შემდეგი სახის კომენტარი გააკეთეს.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში, სადაც მიმდინარეობს ხე მცენარეების მოჭრა და ხშირ შემთხვევაში, გადაბელვა, გადის მაღალი ძაბვის სადენები. ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ყველა საჭირო უწყებიდან აქვს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების გასახორიცელებლად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთი ხე-მცენარეების მოჭრა და გადაბელვა, რომელიც მდებარეობს სადენის დაცვის ზონაში, დაცვის ზონას შესაბმისი დადგენილება განსაზღვრავს. იმისათვის, რომ ელექტრო ენერგიის მიწოდება არ შეფერხდეს, აღნიშნული სამუშაოების გახორციელბა აუცილებელია, ასევე, მთავარია, ადამიანის სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე“, _ გვითრეს პრესსამსახურში.
[sexy_author_bio]