ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლალი სიჭინავამ “გურია ნიუსთან“ საუბარში თქვა, რომ ოზურგეთში ორ სკოლას _ ქალაქის მესამე საჯაროს და მაკვანეთის სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მისივე თქმით, მაკვანეთის სკოლაში, სამშენებლო კომპანიას შესაბამისი სამსახურის ექსპერტებმა ხარვეზები დაუდგინეს, რის გამოც, სამუშაოები ხარვეზების გამოსასწორებლად ახლაც მიმდინარეობს.
სამუშაოების მაღალ ტემპს ისიც განაპირობებს, რომ, ჩვენი ინფორმაციით, რეაბილიტირებული სკოლის საზეიმო გახსნას “ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე 17 სექტემბერს გეგმავს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ სკოლის რეაბილიტაციის შესახებ, წინა წლებში არაერთხელ მოვამზადეთ ჟურნალისტური მოკვლევა _ გაჭიანურებული პროცესი, ბავშვების სხვა სკოლებში მეორე ცვლაში გადანაწილება მაკვანეთელ ბავშვებს შეუფერხებლად სწავლის უფლებას უზღუდავდა. პრობლემური იყო ისიც, რომ სკოლის ადმინისტრაციასთან, მოსახლეობასთან შეუთანხმებლად, ხან ორივე სართულის გარემონტებას , ხანაც _ მხოლოდ ერთის.
_ მართალია, ორივე სართული ჩასმულია ხიმინჯებში და რემონტდება, თუმცა, გავიგეთ, რომ შიგნით მხოლოდ პირველ სართულს გაარემონტებენ, რადგან მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა, _ ამბობდნენ შეწუხებული მაკვანეთელები.
ჟურნალისტურ მოკვლევაში, რომელიც ჯერ კიდევ 2023 წლის მიწურულს მოვამზადეთ ( იხ. ბმული: https://gurianews.com/sulikos-msgavsad-uimedod-sadzebni-mshenebeli-kompania-da-skolis-shenobis-chvens-thvaltsin-gamqrali-erthi-sarthuli/), ნათქვამი იყო, რომ სკოლის რეაბილიტაცია და არა მშენებლობა მომდევნო წელს უნდა დასრულებულიყო, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციით, რეაბილიტირება ჯამურად ექვს მილიონს აღწევდა!
_ მაკვანეთი ფოლკლორის აკვანია, უდიდესი ტრადიციის და კულტურის სოფელი. სკოლაში რომ მძიმე მდგომარეობა იყო _ არა იატაკი, არა ჭერი თუ კარი, ამიტომ, ვინც შეძლო, შვილები ქალაქის სკოლებში გადაიყვანა. მგონი, ასი მაკვანეთელი ბავშვი სწავლობს ოზურგეთში, რომლებიც სკოლაში სოფლიდან დადიან. ეს არ უნდა ხდებოდეს 21-ე საუკუნეში. თუმცა, რაკი პროცესი დაიწყო, მივესალმებით. უცბად არაფერი კეთდება, მოვითმენთ, _ ამბობდნენ ადგილობრივები “გურია ნიუსთან” საუბარში.
მაკვანეთელებს მოთმენა კარგა ხანს დასჭირდათ და წელს რეაბილიტაციის პროცესი, როგორც იქნა დასრულდა, მაგრამ მედიამ გამოამზეურა ის პრობლემები, რომლებიც ახლადრეაბილიტირებულ შენობას ისევ აქვს _ “ტვ პირველის“ ინფორმაციით, შენობაში წყალი ჩადის, ჩამოშლილია ფასადის ბეტონის საფარი, ნესტიანი და ხარვეზიანი კედლები ისევ შესაკეთებელია.
_ სოფელ მაკვანეთში “ქართული ოცნების” ხელისუფლება ორი წლის განმავლობაში აშენებდა სკოლას და დახარჯა არც მეტი, არც ნაკლები 2 მილიონი ლარი იმისთვის, რომ პროექტი დაესრულებინა, მაგრამ ვხედავთ, რომ იქ, რაც უკვე გაკეთებულია, წყალი ჩამოდის. ორ დღეში მინისტრი უნდა ჩამოვიდეს და იმისთვის, რომ ეს ხარვეზები დამალონ, მოიყვანეს სხვა კომპანია და უნდათ, გადამალონ, გადაღებონ, _ ამბობს “ტვ პირველთან “ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე.
მაუწყებლისვე ინფორმაციით, სამუშაოები ინდმეწარმე “რუბენ ღუტიძემ“ შეასრულა და ორი მილიონი მიიღო, მაგრამ ხარვეზებს სხვა კომპანია ასწორებს და უხარისხო ნამუშევრის “გადასამალად“ მუშები აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩამოიყვანეს.
“გურია ნიუსი“ ამ ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტების ძიებას განაგრძობს, წინათ მომზადებულ ჟურნალისტურ მოკვლევაში მკითხველს ბევრი საინტერესო და უტყუარი ინფორმაცია მივაწოდეთ. მაგალითად, ის, რომ წინა წლებში, მაკვანეთის სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს “საბა კონსტრაქშენი” ასრულებდა. ამ ფირმის შესახებ ინფორმაციის მოძიება რთული არაა _ ასეულობით პროექტი ჰქონდა გახორციელებული საქართველოს მასშტაბით და აშკარაა, რომ სახელმწიფო შეკვეთების სიმწირეს არ უჩიოდა.
“გურია ნიუსმაც” მკითხველს არაერთხელ გააცნო ინფორმაცია ამ კომპანიის შესაებ. ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022-2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით (როცა დამპროექტებელიც და მშენებელიც ერთი და იგივეა), აღნიშნულმა კომპანიამ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე სახელმწიფოსთან გააფორმა ჯამურად 549 203 770,0 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც, ჯამში, 75 ობიექტს მოიცავს.
კომპანია დაფუძნებულია 2012 წლის 11 აპრილს. დირექტორი ლევან თარგამაძეა; დამფუძნებელი 100% წილით _ “საბა ინვესტი”. ბიზნეს რეესტრის თანახმად, “საბა ინვესტის” 100%-იან წილს ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი ფლობს.
tendermonitor.ge-ს მონაცემებით, სახელმწიფო კონტრაქტების საერთო ღირებულება 818,938,980.29 ლარია. 11 გამარტივებული შესყიდვიდან, ხელშეკრულებებით, 74,764,077.79 ლარი უფიქსირდება. ორგანიზაციის სახელს უკავშირდება ევრობასკეტისთვის სპორტის სასახლის მშენებლობის დაჩქარებული შესყიდვის ფაქტი; ასევე, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან კავშირები, რაც სხვადასხვა დროს, მედიის მსჯელობის საგანი გახდა. უშუალოდ ლევან თარგამაძის ან დამფუძნებელი შერაზადიშვილების სახელი მმართველი პარტიის შემწირველთა სიაში არ ფიქსირდება, თუმცა, ორგანიზაციის მიერ აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მიღებული 200-მილიონიანი შეკვეთა, ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებისთვის დასახარჯ “შავ ფულად” შეაფასა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გახორციელებული ასეულობით სახელმწიფო შეკვეთა “საბა კონსტრაქშენს” ისტორიაში, მოიცავს ვერეს ხეობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტს, საჯარო რეესტრის შენობას, რომელიც ორთაჭალაში შენდება, მასშტაბურ პროექტს ბათუმში, ქალაქების და კურორტების განვითარების ფარგლებში 355 მილიონი ლარის მოცულობის 6 კონტრაქტს; საინტერესოა, რომ კომპანიას პროექტის Design-Build მეთოდით გახორციელება ევალება (ანუ თავად უნდა წარადგინოს პროექტიც და შეასრულოს სამუშაოებიც). შესაბამისად, ტენდერის გამოცხადების დროს, თავად სახელმწიფოს არ ჰქონდა მომზადებული პროექტები და ნახაზები იმისა, თუ რა სახის სამშენებლო სამუშაოები უნდა გახორციელებულიყო თითოეულ ქალაქში. ამასთანავე, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, სახელმწიფომ “საბა კონსტრაქშენს” პროექტის გახორციელებისთვის მსხვილი ავანსები უკვე გადასცა, რაც ჯამში 6 კონტრაქტზე 113.7 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიამ 2023 წლის ივნისში 81-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ქალაქ რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება გურიას, “საბა კონსტრაქშენმა” გააგრძელა პრემიერის (იგულისხმება პრემიერი ირაკლი ღარიბშვილი. რედ.) ინიციატივით დაწყებული პროგრამა “რეგიონების განვითარებისთვის“, ასევე, სკოლების რეაბილიტაციის პროექტები, რომელსაც შპს “ქუთაისი აღმაშენებელი” ასრულებდა და ვერ დაასრულა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, “აღმაშენებელმა” 12 მილიონი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს გასამრჯელოდ მაინც მიიღო! ფენოპლასტის კარნიზები და სვეტები, ჩამორეცხილი საღებავი, შენობების სახურავის ქვეშ, ჭერში “თავშერგული“ წყალსადენი მილები… _ “აღმაშენებლისგან“ მიღებული ამგვარი “სასახელო“ ნამუშევრები “საბა კონსტრაქშენმა “ღირსეულად“ გადაიბარა და პასუხიც არავის უგია!
რაც შეეხება მაკვანეთის სკოლას; ამ ობიექტზე სამუშაოებს, სავარაუდოდ, “საბა კონსტრაქშენის” ქვეკონტრაქტორი კომპანია ასრულებდა, რომლის ვინაობის დასადგენა დოკუმენტურად, ბევრი შრომის მიუხედავად, ვერ შევძელით.
პროექტთან შეუსაბამოდ, რაც მთავარია, სკოლის ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმირების გარეშე, განათლების სამინისტრო და დამკვეთი _ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, თვითნებურად აკლებდა და უმატებდა სკოლის შენობის სართულს და ფართს, თან, გულდაგულ მალავდა ქვეკონტრაქტორების ვინაობას. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია არც რესურსცენტრის მაშინდელ ხელმძღვანელობას ჰქონდა.
ასეა, როცა შეზღუდულია შესაძლებლობა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ ხარჯავს და როგორ მისივე ჯიბიდან გაღებულ მილიონებს ერთი სოფლის ერთი სკოლის შენობის შეკეთებაზე, რომლის მეორე სართულის დატოვებას ძველი იატაკით, უვარგისი ჭერით, უვარგისი კარ-ფანჯრით და შეურემონტებელი კედლებით აპირებდნენ, რომ არა მედიის და სკოლის ადმინისტრაციის მიერ პრობლემის გასაჯაროვება.
„გურია ნიუსის“ ჟურნალისტი მარინა ჩიხლაძე სოფელ მაკვანეთის რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში ახლაც მივიდა. მისი ინფორმაციით, ამ სკოლის მეორე სართული რეაბილიტირებულია, სადაც დიდი სპორტული დარბაზია.
_ ასეთი დარბაზი ახლა ბევრ სკოლას არ აქვს, _ უთხრა მას სკოლის თანამშრომელმა ჯონი დუმბაძემ.
_ გახარებული ვარ, რომ მესამე კლასელი შვიდი ბავშვი, წელს პირველად შემოვიდა მშობლიური სკოლის შენობაში. რეაბილიტაციის დროს, ჩვენი სკოლა სასწავლო კურსს ქალაქის მესამე საჯარო სკოლაში გადიოდა. პირველ-მეორე კლასში ამ ბავშვებმა იქ ისწავლეს. რომ იცოდეთ, როგორი გახარებული ვართ დღეს ყველა, ჩვენ, ბავშვები და მშობლები, _ ამბობს მესამე კლასის დამრიგებელი მანანა დოლიძე.
რეაბილიტირებულ სკოლის შენობაში რომ ისევ სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე ადასტურებენ _ სკოლის პირველ სართულზე უკანა მხარეს გასასვლელი გადაკეტილია, რაზეც ჟურნალისტს უთხრეს, რომ “ხდება ხარვეზების შესწორება“:
_ მალე დასრულდება ეს ყველაფერი. პირველი სართულის უკანა მხარეს, ოთახებში არის ხარვეზები. ექსპერტთა ჯგუფმა არ მოიწონა კონკრეტულად ეს ადგილები. მალე დასრულდება სამუშაოები. სახურავიდან წყალი ნამდვილად არ ჩამოსულა_ სახურავზე, „ჟოლობში“ ჩიტმა ბუდე გაიკეთა და წყალი ჩამოვიდა გარედან. ყველამ იცის ეს ამბავი აქ. რაღაც უნდა მოვახერხოთ და გავწმინდოთ. ცუდ ადგილზეა. ჭირს იქ ასვლა, _ გვითხრა სამნეო ნაწილის გამგემ.
მინისტრის სტუმრობის გამო, ხარვეზებს გადაღებავენ, გურული ჩიტებიც, იმედია, უადგილო ალაგას ბუდის კეთებას გადაეჩვევიან და სკოლის რეაბილიტაციისთვის დახარჯული მილიონებიც, სამწუხაროდ, უკვალოდ, წვიმასავით.
































































