,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მოთხოვნას, თეა წულუკიანის გადაყენების თაობაზე, დადებითად აფასებს. როგორც შავგულიძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების ერთ-ერთი შემოქმედი თეა წულუკიანია, ამიტომ, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.
,,ჩემი აზრით, მოთხოვნა წულუკიანის გადაყენების თაობაზე არის საფუძვლიანი, თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ იუსტიციის მინისტრის შეცვლით სისტემა ვერ შეიცვლება. სინამდვილეში, დღეს, როგორც პროკურატურა, ისე სამართალდამცავი სისტემა მთიანად იქცა მმართველი პოლიტიკური ძალის კონტროლის ქვეშ, რაზეც ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი იუსტიციის მინისტრია. 6 წლის თავზე ხელისუფლება მოვიდა სამართლიანობის აღმდგენის დანაპირებით, ესე იგი, დღეს რა გამოდის, ვერ შეასრულეს დაპირება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდეს მთავარი პროკურორი. მას უნდა ჰქონდეს ნდობის დიდი მანდატი, რათა შეძლოს ფუნქციის შესრულება, რომელსაც საზოგადოება ავალებს“, _ გვითხრა შავგულიძემ.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი შავგულიძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის არ უნდა დასახელებულიყო მთავარი პროკურორის კანდიდატად იმ პარტიის მიერ, რომელიც, მათი თქმით, სისტემის შემქმნელია.
,,გურია ნიუსთან“ შავგულიძემ არსებულ კრიტიკას უპასუხა.
,,რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაასახელებს მთავარი პროკურორის კანდიდატს. მთავარია, რომ პროცესზე არ შეიძლება უარის თქმა. აუცილებლად უნდა დაასახელონ სხვა პარტიებმაც. თქვენ რა გგონიათ, დღეს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის აღება ვინმესთვის ადვილია? ან ვინმეს ჰგონია, რომ ,,ქართული ოცენება“ მე დამნიშნავს მთავარ პროკურორად? რა თქმა უნდა, არა. რადგან ძალიან კარგად მიცნობენ და იციან, რომ ასეთ შემთხვევაში, პროკურატურის არხები ყველანაირი გავლენებისგან დაიკეტება“, _ განაცხადა შავგულიძემ.
ცნობისთვის, პარტია ,,ევროპულმა საქართველომ“ ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე მთავარი პროკურორის კანდიდატად წარადგინა.