სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან ვიზიტთან და ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ მიღებასთან დაკავშირებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას “გაპარვად” აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას …. იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი – ზვიად გამსახურდიას მეთაურობით- დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!
გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება“! _ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი.
წერს საქართველოს პრეზიდენტი და იმ „ერთ გვარს” _ ჭოველიძეს, გზავნილში არც კი ახსენებს.და მის ოჯახს არც ბოდიშს უხდის. არადა, 9 აპრილის გმირის, თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ პრეზიდენტის მიღება სწორედ იმ მიზეზით დატოვა, რომ 9 აპრილს დაღუპულთა სიის კითხვის დროს, მისი შვილის სახელი და გვარი პრეზიდენტმა არ წაიკითხა. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა _ არკადი ჭოველიძეს მთელი დღის განმავლობაში რიგითი მოქალაქეები გმირი შვილისთვის მადლობას ეუბნებოდნენ და პრეზიდენტის ნაცვლად ბოდიშს უხდიდნენ. ბოდიშის მოხდას, სოციალური ქსელის მომხმარებლები ზურაბიშვილსაც სთხოვდნენ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზიდენტმა ეს არ გააკეთა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ის, სამართლიანად გააკრიტიკეს აზროვნება დაუწუნა.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე 9 აპრილის ტრაგედიის გმირის, ეკა ბეჟანიშვილის ოჯახი არ მოუწვევიათ. პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა. „ ღონისძიებაზე ყველა დაღუპულის ოჯახის წევრები მოვიწვიეთ. თითოეული ოჯახის რამდენიმე წევრი იყო მოსული. ეკა ბეჟანიშვილის ოჯახთან, მთელი კვირის განმავლობაში ფიზიკურად ვერ მოხერხდა დაკავშირება. თორემ, რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, კონკრეტულად, ამ გმირის ოჯახთან ვერ მოხერხებულიყო დარეკვა. ფიზიკურად ვერ მოხერხდა დაკავშირება. მობილურზე მუდმივი დაკავება იყო“, _ განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
ეკა ბეჟანიშვილის დედამ, ლალი ყანჩაველმა მედიასთან განაცხადა, რომ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ღონისძიებაზე დასწრების თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მიწვევა არ მიუღია.
_ მიღებაზე მიწვეული არ ვყოფილვარ. ჩემი ტელეფონი დაკავებული იყო ჟურნალისტებთან საუბრის დროს. სხვა დროს მე ტელეფონი არ დამიკავებია. სად უნდა ვილაპარაკო იმდენი, რომ მთელი დღე გამორთული ან დაკავება მქონდეს ტელეფონზე“, _ განაცხადა ლალი ყანჩაველმა.