ვირუსული ინფექციით კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 25 წლამდე ასაკის ქალი გორში, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ ცენტრალურ კლინიკაში პარასკევს მოათავსეს. როგორც ექიმები ამბობენ, ახალგაზრდა ქალს თანმდევი დაავადებაც აღენიშნებოდა.
„ეს გახლდათ მძიმე ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტი, იგი რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები თავის ტვინის სიმსივნის გამო, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა პარასკევს, დაუყოვნებლივ დაიწყო ინტენსიური თერაპია, თუმცა, სამწუხაროდ დღეს დილით გარდაიცვალა. ეს არის სტაციონარში ვირუსული ინფექციით შესული პაციენტის გარდაცვალების მეორე შემთხვევა. ორივე პაციენტს საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. პირველ შემთხვევაში იყო გულის მანკი და დაგვიანებული მომართვიანობა, რის გამოც პაციენტის შემოსვლიდან რამდენიმე საათში დაფიქსირდა სიკვდილი. ამ შემთხვევაში ლაბორატორიულად დადგინდა, რომ ეს იყო H1N1. დღევანდელ შემთხვევაში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, პაციენტს რამდენჯერმე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული თავის ტვინის სიმსივნეზე“, – განაცხადა “გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.































































