ვის აცრიან საქართველოში „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინით – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭო დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს. წინასწარი ინფორმაციით, „სინოფარმი“ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სარეგისტრაციო ფორმის შევსება ხვალიდან გააქტიურდება, ხოლო ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. იმუნიზაციის საბჭოს წარმომადგენლებმა მოქალაქეთა სხვა კატეგორიებიც უნდა წარადგინონ, რომლებიც სხვა ვაქცინების მსგავსად „სინოფარმით“ აცრის პროცესში ჩაერთვებიან.
ჩინური წარმოების ვაქცინა 86%-იანი ეფექტურობით გამოირჩევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, Astrazeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.