ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს:
“მშენებლობის ნებართვის სფეროში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო _ მუნიციპალიტეტის მერია, მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს II, III, IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობების ნებართვის გაცემას და მშენებლობის ზედამხედველობას.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში, კურორტ ბახმაროში 2018 წლის 27 მარტამდე უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი სუბიექტები ჯარიმდებოდნენ 10 000 (ათი ათასი) ლარით.
ამჟამად მოქმედი კანონის _ “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 44-ე მუხლის შესაბამისად, საჯარიმო თანხა შეადგენს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, ამასთან, მენაშენეს დაეკისრება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი” _ აღნიშნავენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გასულ წელს ბახმაროში არსებული უკანონო მშენებლობების გამო რამდენიმე მოქალაქეს გაფრთხილება მიეცა:
_ გაფრთხილებები უკვე დაგზავნილია და იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეები შესაბამის ზომებს არ მიიღებენ ჯარიმები დაიწერება. ამ მიმართულებით სერიოზული კონტროლი გახორციელდება და იმედია მოქალაქეები კანონს არ დაარღვევენ, _ გვითხრეს მერიის ზედამხედველობის სამსახურში.