სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს პოსტს თანდართული ფოტოთი, იმ ნივთების სრული სიით, რაც მიიღო მოსახლეობისგან. ეს არის ხელთათმანები, პირბადეები, ხალათები და სხვა საჭირო ნივთები, რათა დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
,,ორი დღის წინ მივხვდი, რომ სახელმწიფო უუნაროა და მე მესმის კრიზისია მთელს მსოფლიოში. ვისაც ძალიან უჭირს ახლა ესაჭიროებათ ჩვენიდახმარება, ელემენტალური დახმარება. დავწერე რომ შემეძლო ნებისმიერ რამეში დავხმარებოდი, ეს იქნებოდა ნაგვის გატანა, დალაგება, ინფიცირებული ბავშვების გამხიარულება თუ სხვა რაიმე საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ გამომეხმაურა. თუმცა, გამომეხმაურა ადამიანები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს. ზოგმა ხელთათმანები მომიტანა, ზოგმა _ სადეზინფექციო ხსნარი, ხალათები, კომბინიზონები და დღის ბოლოს უკვე გარკვეული რაოდენობის საჭირო ნივთები შემიგროვდა. მეორე დღეს რაოდენობამაც და პოსტზე გამოხმაურებამაც იმატა. 2000-ზე ავიდა დახმარების მსურველთა რაოდენობა. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი მოხალისედ ჩართულიყო ჩვენს აქტივობაში. ასევე, ჩვენს რიგებში არიან ექიმები და ფსიქოლოგები,100-მდე ადამიანი, რომელიც სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებს, მაგრამ მზადაა გააკეთოს სადილი და გაგვატანოს იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას გიგა მაქარაშვილი.
ასევე, აქტივობის ფარგლებში დაგეგმილია ქოლ-ცენტრის მომსახურეობის დამატება, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის მეტად ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის მიხედვით უპასუხებენ ზარებს და გაუწევენ შესაბამის დახმარებას, რაც გადატვირთული მუშაობის გამო 144 ან 112 შეიძლება ვერ მოახერხოს.
ამ აქტივობით დაგეგმილია დახმარება გაეწიოს რეგიონულ ჰოსპიტალებს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ მიეწოდოთ ყველა საჭირო ნივთი, რომელიც დეფიციტში აქვთ და ის პროდუქცია, რაც მათ ძალიანს სჭირდებათ.































































