აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობის ლიდერების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს, _ ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, სასანქციო კანონპროექტს სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) წარადგენენ, იგი მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი დონის პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზისთვის ძირის გამოთხრაში.
“ქართველი ხალხის კანონი” (Georgian People’s Act) 23 მაისს იქნება წარდგენილი.
კანონპროექტი ასევე მოითხოვს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის პერმანენტულ შეჩერებას, რომლის საშუალებითაც ქვეყნები ერთად მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე.
Politico-ს თანახმად, “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების სამიზნეში ამოღების გარდა, ორპარტიული კანონპროექტი, ასევე, მოითხოვს მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფას “საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდაჭერაზე,” და ქვეყანაში “მავნე უცხოურ გავლენებზე” კვლევების დაწყებაზე.