უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს 01:00 საათამდე გადაადგილების უფლებით ისარგებლებენ ის პირები, რომლებსაც საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები აქვთ შეძენილი.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დღევანდელ საფეხბურთო მატჩს ჩვეულებრივზე ნაკლები – მაყურებლების 30% დაესწრება, რათა დისტანცია და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტი იყოს დაცული.
„28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროსა და ავტობუსის მუშაობა.
ამასთან, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩი, რომელზეც, ასევე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ“, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაში.
საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დინამო არენაზე დღეს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.