გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 26 შემთხვევა დაფიქსირდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა.
„გურია ნიუსისთვის“ ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან მოწოდებული მონაცემებით, 26 ინფიცირებიდან 13 ლანჩხუთში, 12 ოზურგეთში, 1 კი ჩოხატაურში გამოვლინდა. გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა ლანჩხუთში.
„შემთხვევები გაფანტულად არის გამოვლენილი. არის ინფიცირებულებთან კონტაქტები და ახალი შემთხვევები“,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1903 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 1725 ადამიანი, გარდაცვლილია 23. აქტიურია ინფიცირების 155 შემთხვევა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 ინფიცირების შემთხვევიდან 7 სოფელ შრომაში დაფიქსირდა.
ცნობისთვის, სოფელში ისევ დგას ბლოკპოსტი და მოსახლეობის ტესტირება გრძელდება.
სულ ოზურგეთში 3455 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელებულა 3348 ადამიანი, გარდაცვლილია 35. აქტიურია ინფიცირების 72 შემთხვევა.
რაც შეეხება ჩოხატაურს, ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 13 შემთხვევა, რომელთა უმეტესობა ზემო ფარცხმაში ფიქსირდება. ინფიცირებული 2 ოჯახია.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 1140 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1114 ადამიანი, გარდაცვლილია 13.