გაეროს უშიშროების საბჭო (UNSC) საგანგებო დახურულ კონსულტაციებს გამართავს ისრაელსა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე ძალადობის ესკალაციის გამო.
გაეროს უშიშროების საბჭოს 15 მოქმედი წევრი დაესწრება კონსულტაციებს გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, კვირას.
მოსალოდნელია, თუმცა ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ საბჭო გაეროს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ტორ ვენესლანდის მიერ იქნება ინფორმირებული.
ამ დროისთვის, The Times of Israel-ის გავრცელებული ინფორმაციით კი საომარი ქმედებების შედეგად კვირა დილის მდგომარეობით დაღუპულია 300 ადამიანი, მათგან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სახლებში და ქუჩებში, ასევე ტერორისტების სამიზნე დიდ წვეულებაზე.
საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით, ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 1590 ადამიანი, მათგან 300 მძიმედ დაშავდა, 19 კი მძიმე მდგომარეობაშია.
ამასთან, პალესტინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ღაზაში 232 ადამიანი დაიღუპა და 1 790 დაშავდა.
როგორც ცნობილია, ისრაელის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა შეაჩეროს ელექტროენერგიის, საწვავის და საქონლის მიწოდება ღაზაში და დაამტკიცა ნაბიჯები „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურების მიზნით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა კონტროლი აიღეს პოლიციის განყოფილებაზე სამხრეთ ქალაქ სდეროტში და მოკლეს მინიმუმ 10 პალესტინელი მებრძოლი ერთსაათიანი დაპირისპირების შემდეგ.
ისრაელის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „სრული კონტროლი მიღწეული იქნა და ჩვენმა ძალებმა გაანეიტრალეს დაახლოებით 10 შეიარაღებული ტერორისტი სადგურში”.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალებმა ბულდოზერით დაანგრიეს პოლიციის განყოფილების ნაწილი დაწესებულებამდე მისასვლელად.