კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება. ასევე, მიმართავს მმართველ პარტიას, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის და გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.
ამ განცხადებით კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის, დღეს, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე მედიის ხელშეშლისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა.
კოალიცია განცხადებაში უთითებს იმ ფაქტებს, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი. კონკრეტულად:
დღეს, გლდანის ოლქის 79-ე საარჩევნო უბანზე, ონლაინგამოცემა „პუბლიკის” ჟურნალისტი, მინდია გაბაძე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა ფეხი დაარტყა მას. გარდა ფიზიკური დაზიანებისა, „პუბლიკის” ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და დაზიანდა. მედიასაშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი მიდია გაბაძე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.
ამავე საარჩევნო უბანზე დაშავდა ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტი, ანა ახალაია, ჟურნალისტის განმარტებით, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა.
მარნეულში, სოფელ აზიზ ქენდიში, #14 უბანზე მყოფ Oნ.გე-ს ჟურნალისტის განცხადებით, მას პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა მუშაობაში ხელი შეუშალა.
კოალიციის განცხადებით, გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე მობილიზებული აქტივისტების მხრიდან შეინიშნება აგრესია მედიის მისამართით.
“მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.
ასევე მივმართავთ მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის. გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა”, – ვკითხულობთ მედიაკოალიციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, რომლითაც სამართალდამცავ უწყებას მოუწოდა უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება საარჩევნო უბნებზე და დაიცვას ისინი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისგან.