რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.
არამეგობრული ქვეყნების სიაში მყოფებს თუ სურთ რუსეთისგან ბუნებრივი აირის შეძენა, მათ აქ საბანკო ანგარიშების გახსნა მოუწევთ. ეს კანონი ძალაში 1-ელი აპრილიდან შევა.
„ჩვენ ვთავაზობთ კონტრაქტორებს ასეთი ქვეყნებიდან (არამეგობრული. – რედ.) მკაფიო და გამჭვირვალე სქემა. რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად, მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში. სწორედ ამ ანგარიშებიდან გადაიხდება ხვალიდან მიწოდებული გაზი, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან”, _ განაცხადა პუტინმა
როგორც პუტინმა განმარტა, საზღვარგარეთ რუსული აქტივების გაყინვამ აჩვენა, რომ დასავლეთის ქვეყნები თავიანთ ფინანსურ სისტემებს იარაღად იყენებენ.
„ევროპელ მომხმარებლებს ჩვენი რესურსები, ამ შემთხვევაში გაზი მივაწოდეთ. მათ მიიღეს, გადაგვიხადეს ევროში, რომელიც შემდეგ თავად გაყინეს“, – აღნიშნა პუტინმა.
დოკუმენტის ტექსტიდან ირკვევა, რომ საუბარია მხოლოდ მილსადენებით გაზპრომის მიერ ნედლეულის მიწოდებაზე. რუბლის ანგარიშების გახსნის უფლებამოსილ ბანკად დაინიშნა გაზპრომბანკი.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ინიციატივით, არამეგობრული ქვეყნებისთვის რუსეთს გაზი რუბლებში მიეყიდა. მან ასევე მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოცემული გეგმის პრაქტიკაში განხორციელებისკენ მოუწოდა და საჭირო პროცედურებისთვის ერთი კვირა მისცა.
გასულ დღეებში დიდი შვიდეულის ქვეყნების (G7) წარმომადგენელმა თქვა, რომ G7-ის არც ერთი ქვეყანა არ მიიღებდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას და რუსეთისგან არ შეიძენდნენ ენერგორესურსებს რუბლით.
რუსეთის ენერგორესურსების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები მას შემდეგ გამწვავდა, კრემლმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა.