უნივერსიტეტების გაერთიანებაზე და განათლების რეფორმაზე ისაუბრა დღეს ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმაც. მისი განცხადებით, კრიტიკა იმ პირებისგან ისმის, რომლებსაც პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ. ნიკოლოზ მეტრეველმა ბრიფინგზე ახსენა მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის მხრიდან, ერთ ლარად მითვისებული ტექნიკური უნივერსიტეტის უძრავი ქონებაც.
“ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს – ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად. განათლების რეფორმაზე დარდობენ თურმე, ეს ადამიანი და მისი გარემოცვა, რომლებმაც წლების განმავლობაში უდიდესი ზიანი მიაყენეს განათლების სისტემას“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაგეგმილ გაერთიანებაზეც ისაუბრა.
“გაერთიანება არ ნიშნავს დახურვას, საუბარია სრულუფლებიან შერწყმაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალური ბაზა განადგურდება ან რომელიმე მეცნიერი ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული.
ბუნებრივია, დესტრუქციულ ძალებს უნდათ, რომ შესაძლოა, გია ნოდია, ლევან რამიშვილი ან დიმიტრი შაშკინი იყვნენ ჩართული, რომლებიც ღვაწლმოსილ ხალხს სისხლის დალევით ემუქრებოდნენ. ალბათ, ახალაია რომ იყო გარეთ, მის ჩართვასაც მოითხოვდნენ განათლების რეფორმაში.
მინდა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობასაც და აკადემიურ პერსონალსაც მივმართო – თუ გაქვთ სურვილი, არის აბსოლუტური გახსნილობა, მინისტრი და მისი მოადგილეები სრულ მზაობას აცხადებენ დიალოგისთვის”, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
































































